აგრარული უნივერსიტეტი

ჯაფარიძე: ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ფობია კახა ბენდუქიძის შიშია

ზურაბ ჯაფარიძე
netgazeti.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ცოდნის ფონდის და თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებლის კახა ბენდუქიძის დაკითხვაზე დაბარება წინასწარ გამოცხადებული პოლიტიკური დევნაა, რომლის დამკვეთიც ერთი კონკრეტული ადამიანი - ბიძინა ივანიშვილია. აგრარული უნივერსიტეტის საქმეზე ჯაფარიძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

„ამ ადამიანს აქვს ძალიან ბევრი ფობიები. მისი ერთ-ერთი ფობია არის ბენდუქიძის შიში, მას ეშინია როგორც კახა ბენდუქიძის ფინანსური რესურსის, ასევე მისი ინტელექტუალური შესაძლებლობების და ამის გამო ხდება საქმის შეკერვა. ამას ახორციელებს ოთარ ფარცხალაძე. მინდა, დავამშვიდო ივანიშვილი და მისი მთავრობა, რომ ბენდუქიძემ არ აპირებს პოლიტიკური პარტიის დაფინანსებას, ის აპირებს, რომ გააგრძელოს ფულის ჩადება განათლებაში, ახალგაზრდებში, ამ ქვეყნის მომავალში და საბოლოოდ, სწორედ განათლება იქნება ის, რაც დაასამარებს დღეს გამეფებული უნიჭობის, უუნარობის და უსაქმურობის ბოგინს ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ აგრარული უნივერსიტეტის გასხვისებაზე ანუ მის განკერძოებაზე გადაწყვეტილება არ მიუღია კახა ბენდუქიძეს და ეს კოლეგიალურმა ორგანომ - საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა.

„საუბარი ვინმეს ბრალეულობაზე, მით უმეტეს, ბენდუქიძის ბრალეულობაზე, არის სრულიად უაზრო და, რაც მთავარია, მოსახლეობას უნდა ესმოდეს, რომ ამ საქმეში არ არსებობს არანაირი კომერციული ინტერესი. ეს ნიშნავს იმას, რომ აგრარული უნივერსიტეტი და თავისუფალი უნივერსიტეტი იმყოფება საქველმოქმედო ფონდის მფლობელობაში. ეს გულისხმობს იმას, რომ ბენდუქიძეს და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამ ფონდში მხოლოდ ფულის ჩადება, მაგრამ იქიდან ფულის ამოღების საშუალება უბრალოდ არ არსებობს. ეს არ არის კომერციული სტრუქტურა. ბენდუქიძე იქ ხარჯავს მილიონებს, მაგრამ იქიდან ლარს ვერ ამოღებს, უბრალოდ, შეუძლებელია ქართული კანონმდებლობიდან გამომდინარე. ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ ვიღაცას ჰქონდა რამე პირადი ინტერესი, მაგალითად, ბენდუქიძეს, არის უბრალოდ ცილისწამება და მეტი არაფერი“, - თქვა ჯაფარიძემ.

უმცირესობის წევრის თქმით, საქმე ცალსახად შეკერილი და პოლიტიკურია. ჯაფარიძის განცხადებით, ამას რამდენიმე ფაქტორი ადასტურებს.

„ერთი ის, რომ საქმე აღძრულია შარშან მარტში, როცა უნივერსიტეტს შეუჩერდა ავტორიზაცია. როგორც ჩანს, იგეგმებოდა მასირებული შეტევა რამდენიმე ფლანგიდან, მაგრამ შემდეგ მთავრობამ უკან დაიხია იქიდან გამომდინარე, რომ ამას მოჰყვა სტუდენტების ძალიან მწვავე პროტესტი. საინვესტიციო ვალდებულებების დაფარვას რატომღაც აჭიანურებს ეკონომიკის სამინისტრო, მაშინ როდესაც ცოდნის ფონდს ყველა საინვესტიციო ვალდებულება დაფარული აქვს და წარდგენილი აქვს სამი დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიის დასკვნა“, - აცხადებს ჯაფარიძე და აღნიშნავს, რომ პროკურატურის გუშინდელ განცხადებაში ცალსახად ტყუილები წერია.

„იქ საუბარია რაღაც ასობით მილიონნ ლარის ქონებაზე. მინდა, გაჩვენოთ მარტივი მაგალითი -  ბიძინა ივანიშვილის საცხოვრებელი რეზიდენცია ფორბსის მიერ შეფასებულია 40 მლნ დოლარად და ამ ადამიანის პროკურატურა გვეუბნება, რომ აგრარული უნივერსიტეტის შენობა, რომლისგანაც შავი კარკასიც არ იყო დარჩენილი, თურმე ასობით მილიონი ლარი ღირს. ეს არის აბსურდი, ყველას ახსოვს, რა მდგომარეობაში იყო ე.წ. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი და რა არის ახლა მის ადგილას“, - აღნიშნა ჯაფარიძემ და დასძინა, რომ კახა ბენდუქიძე საქართველოში ბოლო წლებში განხორციელებული ყველაზე წარმატებული რეფორმების ავტორია.

„ ის ბიუჯეტი, რომელსაც დღეს ხრავს ქართული ოცნების ხელისუფლება და ხარჯავს რაღაც მანქანებსა და რესტორნებში, არის სწორედ ბენდუქიძის მიერ გატარებული რეფორმების შედეგი. ბენდუქიძე არის ადამიანი, რომლის მიერ გატარებულ რეფორმებზე მოთხოვნაა დედამიწის არაერთ წერტილში. მათ შორის, დღეს მწვავე მოთხოვნაა უკრაინაში და ის იმყოფებოდა რამდენიმე დღის წინ კიევში, რათა კონსულტაცები გაეწია უკრაინის დღევანდელი ხელისუფლებისთვის. ბენდუქიძე არის ადამიანი, რომელმაც საქართველოში შექმნა ორი ყველაზე წარმატებული უნივერსიტეტი. ადამიანი, რომელმაც ქართულ განათლებაში ჩადო ყველაზე მეტი ფული საქართველოს ისტორიაში - 80 მილიონის ინვესტირება მოახდინა ქართულ განათლების სისტემაში. ამ უნივერსიტეტების წარმატებულობა დასტურდება იმით, რომ ყოველწლიურად ყველაზე მეტი აბიტურიენტი, რომლებმაც მიიღეს ყველაზე მაღალი ქულები ეროვნულ გამოცდებში, აბარებენ ამ უნივერსიტეტებში“, - თქვა უმცირესობის დეპუტატმა.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში აგრარული უნივერსიტეტის საქმეზე დაკითხვაზე იმყოფება უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ბენდუქიძე. ასევე, განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი. ამასთან, გუშინ 9 საათის განმავლობაში კითხავდნენ აგრარული უნივერსიტეტის რექტორს ლაშა გოცირიძეს.

მთავარი პროკურატურის განცხადებით, საქმე ეხება სსიპ საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული დიდი ოდენობით უძრავი ქონების პრივატიზებას. უწყების მტკიცებით, სსიპ სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად რეორგანიზაციისას, მასთან შერწყმული 14 კვლევითი-სამეცნიერო ინსტიტუტის ბალანსზე არსებული უძრავ-მოძრავი ქონება შპს აგრომეტის კაპიტალში წინასწარ შემცირებული ღირებულებით შევიდა, შემდეგ კი, მოხდა შპს აგრომეტის 100% წილის 5 150 000 აშშ დოლარად პრივატიზება 8 000 000 ლარის საინვესტიციო ვალდებულებით.

"მაშინ, როდესაც შპს აგრომეტის საწესდებო კაპიტალში შეტანილი უძრავ-მოძრავი ქონებების მხოლოდ საბალანსო ღირებულება 65 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო საბაზრო ღირებულება რამდენიმე ასეულ მილიონ ლარზე მეტია. ცნობისათვის, პრივატიზებული ქონების მხოლოდ ერთი ნაწილი თბილისში აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ზე განთავსებული 59 ჰექტარი მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება შეფასებულია 10 790 000 ლარად, რომელიც კაპიტალში შეიტანეს 59 000 ლარად (1 კვადრატული მეტრი 10 თეთრად), ანალოგიური გზით შემცირდა სხვა ქონებების ღირებულებებიც", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები