თემურ ალასანია

ახალგაზრდული ცენტრი: თემურ ალასანიასთან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაიწყოს

cp.ge

ორგანიზაცია ახალგაზრდული ცენტრი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბიძასთან თემურ ალასანიასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს. ამის შესახებ ორგანიზაციის წევრებმა ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისთან გამართულ აქციაზე განაცხადეს.

მათი თქმით, საზოგადოებაში არსებობს ეჭვი, რომ ალასანია ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობაში შეინიშნებოდა და ეს საქმე უნდა გამოიძიონ. როგორც აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, თემურ ალასანია რუხი კარდინალი იყო და ქვეყანას მიხეილ სააკაშვილთან ერთად მართავდა. მათივე თქმით, ალასანია, ისევე როგორც სააკაშვილი, რუსეთის აგენტია და ამას ისიც მოწმობს, რომ სააკაშვილს კა-გე-ბე-ს ჯარი აქვს გავლილი. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს,  ყოფილი ”კაგებეშნიკები” არ არსებობენ.

აქციას პერფორმანსის სახე ჰქონდა. ორგანიზაციის წევრებმა პარტიის ოფისთან რუსული რუბლი და სათამაშო იარაღი მიიტანეს.

14 მარტს რუსთავის 2-ის ეთერში გაეროს განიარაღების კომისიის ყოფილმა წარმომადგენელმა თემურ ალასანიამ ცილისწამება უწოდა მმართველი გუნდის წარმომადგენლების ბრალდებას იმის თაობაზე, თითქოს იგი იარაღის ბიზნესში მონაწილეობდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ყოფილი ხელისუფლების საქმიანობაში არასდროს ჩარეულა და მისთვის არც რჩევები მიუცია. 

ალასანიამ ასევე განაცხადა, რომ  პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს. "ალბათ დააკვირდით, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ზოგიერთ წყაროში მიდის რაღაც გამიზნული კამპანია ჩემი სახელის შებღალვისთვის, მისი პრესტიჟის გასატეხად და ა.შ... როდესაც ამ ცილისწამებაში ჩაბმულები იყვნენ ვიღაც არშემდგარი, ხელმოცარული, ნახევრადჩამოყალიბებული, ინფანტილური პიროვნებები, ამის იგნორირება შეიძლებოდა", - განაცხადა ალასანიამ.

თუმცა, როდესაც ამ კამპანიაში პრემიერმინისტრი მონაწილეობს, მისი თქმით, ამაზე რეაგირება აუცილებელია, ვინაიდან მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან ამგვარ განცხადებებს „ბრალდებები და ცილისწამება სხვა ხარისხში გადაჰყავს".

რამდენიმე დღის წინ ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ თემურ ალასანია, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან ერთად იმყოფებოდა უკრაინაში, რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა, "კა-გე-ბე-ს ყოფილი პოლკოვნიკია და ამ სფეროში, ხომ იცით, ყოფილები არ არსებობენ".

 

კომენტარები