საპროცესო შეთანხმება

წამებაში ბრალდებულების მიმართ საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდება

წამებაში, არაადამიანურ მოპყრობასა და ღირსების შემლახავ დანაშაულებში ბრალდებულების მიმართ საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდება. იუსტიციის სამინისტროს პროექტის თანახმად, ეს ერთადერთი ნორმაა, რომლის შესახებ გამონაკლისი დასაშვები იქნება.

დანარჩენ დანაშაულებზე მოქმედი კანონმდებლობა პროკურორს დისკრეციას ანიჭებს, რომ თავად გადაწყვიტოს, საპროცესო შეთანხმების გაფორმება რა შემთხვევაში არის საჭირო. საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას პროკურორმა კერძო და საჯარო ინტერესის ბალანსის საფუძველზე უნდა იხელმძღვანელოს.

პარალელურად, ცნობილია, მთავარი პროკურორის ახალი ინიციატივა, რომელიც კონკრეტული დანაშაულების მიმართ მკაცრი მიდგომის შემოღებას ითვალისწინებს. საქმე ის არის, რომ მთავარი პროკურორის ახალი მიდგომების შესახებ ინფორმაცია იუსტიციის მინისტრის მსგავსად არც არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ.

მიუხედავად იმისა, რომ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილება კონკრეტული დანაშაულების მიმართ საპროცესო შეთანხმების მექანიზმის გადახედვას არ ითვალისწინებს, მთავარი პროკურატურა ზოგიერთ ნარკოდანაშაულზე მკაცრი მიდგომის შემოღების ინიციატივით გამოდის.

რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს პროექტში ასახულ სხვა სიახლეებს, პროექტის ავტორებმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წინადადება გაითვალისწინეს. პროექტის თანახმად, თუ საპროცესო შეთანხმება იძულებით იქნება მიღწეული და მოსამართლე ამის შესახებ შეიტყობს, მოსამართლე საქმეს ზემდგომ პროკურატურას გადაუგზავნის.

კომენტარები