გაეროს დაფინანსება აფხაზეთისთვის

აპსნიპრესი: გაერო აფხაზეთისთვის 15 მილიონ დოლარს გამოყოფს

მიმდინარე წელს, აფხაზეთში პროექტების განხორციელების მიზნით, გაერო 15 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს. აპსნიპრესის ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის, ნილს სკოტის სოხუმში ვიზიტისას გახდა ცნობილი. ნილს სკოტი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრ ანქვაბს შეხვდა და დაფინანსების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, გაეროს მიერ გამოყოფილი თანხა აფხაზეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მოხმარდებათ, რაც მისასალმებელია ნაბიჯია.

”რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, დღევანდელი ხელისუფლება ინფორმირებულია. ეს არ არის პირველი პროექტი, რომელსაც ახორციელებს გაეროს პროგრამა და აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს არასდროს არ დაურღვევია საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპები, საქართველოს ერთიანობა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ეს არის მთავარი ჩვენთვის. აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე  დროებით საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია ვერ ხორციელდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აფხაზეთში რა ხდება, არ გვაინტერესებს”, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

საპარლამენტო უმცირესობის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობის გამო, გაერომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებზე ზრუნვა დამოუკიდებლად გადაწყვიტა.

”ამ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მას არ სჭირდება შუამავალი რუსეთთან. ამან გვაჩვენა ის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები თვითონ იღებენ გადაწყვეტილებებს, რომ იგივე მარიონეტულ ხელისუფლებას დაეხმარონ, თუ არ დაეხმარონ, ეს ფინანსური დახმარება როგორი ტიპის უნდა იყოს.

იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს არცერთი პროექტი გაეროში, ევროკავშირში წარდგენილი, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს ამ პროცესების განსაზღვრა, ამიტომ როდესაც შენ არ ადგენ ამდაგვარ გეგმას, შენ არ ითხოვ, რა მოხდეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ამ დროს საერთაშორისო ორგანიზაციები შენს გარეშე აკეთებენ ამას”, - აცხადებს შოთა მალაშხია. 

კომენტარები