თელავის სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა 22 პირი და მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტა. აღნიშნული პირები ბრალდებულები იყვნენ საქმეში, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ნაციონალური მოძრაობის მიერ სპეციალური სქემის შემუშავებას ეხებოდა, რისი მეშვეობითაც პარტიამ, საქმის მიხედვით 1 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულობის სახით უკანონოდ მიიღო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
როგორც ick.ge წერს,კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორის მანანა თანდაშვილის განცხადებით, 2012 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში ნაციონალური მოძრაობის საფინანსო სამსახურის უფროსი ავთანდილ შერმადინი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩაყვანილ მოქალაქეებს დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხების იმ მიზნით გადასცემდა, რომ ამ მოქალაქეებს იმავე დღეს პირადი ანგარიშები გაეხსნათ, გადაცემული თანხები ანგარიშებზე შეეტანათ და შემდგომში თითქოს შემოწირულობის სახით, ნაციონალური მოძრაობის ანგარიშზე გადაერიცხათ.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებში ოცდაორივე პირი აღიარებს, რომ ისინი ნაციონალური მოძრაობის საფინანსო სამსახურის უფროს ავთანდილ შერმადინთან დაიბარეს. შერმადინმა თითოეულ მათგანს 40–დან 60 ათასამდე ლარი გადასცა. შერმადინის დავალებით მათ ბანკში ანგარიშები იმავე დღეს გახსნეს, აღნიშნული თანხა პირად ანგარიშებზე შეიტანეს, რის შემდეგაც ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შემოწირულობის სახით გადაურიცხეს.
პროკურატურამ ბრალი 22 ადამიანს წაუყენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, რაც დიდი რაოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახით 9–დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც ick.ge წერს, 10 მარტს, თელავის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა წიკლაურმა კახეთის საოლქო პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულების მიმართ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ არ დააკმაყოფილა. მოსამართლემ ყველა ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა.
„მოსამართლე მამუკა წიკლაური განჩინებაში მიუთითებს: სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით არ დადგენილა, რომ ავთანდილ შერმადინმა თანხები, რომელიც გადასცა ბრალდებულ პირებს, იყო შემოსავალი, რაც მოიპოვა დანაშაულებრივი გზით. ალბათ, სწორედ ამიტომაც არ იქნა მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში იმ პირებთან ერთად, რომლებსაც ბრალად წარედგინათ შერმადინის თანამონაწილეობით ფულის გათეთრება და ბრალდების მხარეს ამ კუთხით არ უმსჯელია. შერმადინის ბრალეულობაზე საქმის მასალებში არ მოიპოვება კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომელიც ადასტურებს შერმადინის მიერ ფულადი თანხის დანაშაულებრივი გზით მოპოვებას“.-წერს ick.ge.
მათივე ინფორმაციით, თელავის სასამართლოს განმარტებით, მოსამართლემ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ალბათობის მაღალი ხარისხით არ იძლეოდა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ დანაშაული ამ პირებმა ჩაიდინეს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახე – გირაო გაუქმდა და ყველა ბრალდებულს გირაოს თანხა უკან დაუბრუნდა.
ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის ნუნუ ნემსიწვერიძის განცხადებით, სასამართლომ საქმე სწორედ იმ საფუძვლით შეწყვიტა, რომ არ იყო დადგენილი რა წარმომავლობის იყო შერმადინის მიერ ბრალდებულებისთვის გადაცემული ფული.
„ეს ფული,არავინ იცის დღემდე, რა წარმომავლობის იყო. ამიტომ მის გათეთერებაზე ლაპარაკი ზედმეტია. არ არსებობდა ავთანდილ შერმადინის მიმართ არავითარი გამამტყუნებელი განაჩენი“, – აღნიშნავს ნემსიწვერიძე.
პროკურორი მანანა თანდაშვილი თელავის სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს.
„ეს გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი. ავთანდილ შერმადინის მიმართ კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194–ე მუხლით გათვალისწინებული ნიშნებით, შერმადინის საქმე გამოყოფილია ამ საქმიდან“, – განაცხადა პროკურორმა.
კახეთის საოლქო პროკურატურა თელავის სასამართლოს გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.





