საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო

უსუფაშვილი GPB-ის მეურვეების შესარჩევი კომისიის ძველ შემადგენლობას წარადგენს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეების შესარჩევ ცხრაკაციან კომისიას ძველი შემადგენლობით წარუდგენს. ამის შესახებ, დავით უსუფაშვილის განცხადებაშია ნათქვამი და აღნიშნულია, რომ ძველი კომისიის წევრები ხელახლა შესაქმნელი საკონკურსო კომისიის წევრობაზე დათანხმდნენ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმითვე, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე და 25-ე მუხლების შესაბამისად, დღეს გამოცხადდა კონკურსი სამეურვეო საბჭოს დარჩენილი 5 წევრის შესარჩევად. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, მათ შორის მათაც, ვინც წინა კონკურსში მონაწილეობდა, განცხადებები უნდა წარადგინონ დავით უსუფაშვილის სახელზე არა უგვიანეს 2014 წლის 26 მარტის 18:00 საათისა.

"წინა კონკურსის ბოლოს გაჩენილ ზოგიერთ უსაფუძვლო კითხვასა და ეჭვზე მკაფიო და ცალსახა პასუხის გაცემის მიზნით, გადავწყვიტე, საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარვუდგინო საკონკურსო კომისია იმავე 9 წევრის შემადგენლობით, რომლებმაც წინა კონკურსის დროს შეარჩიეს და პარლამენტს წარუდგინეს მეურვეობის კანდიდატები. კანონის მოთხოვნის შესაბამისად, მე მქონდა კონსულტაციები აჭარის უმაღლეს საბჭოსთან, სახალხო დამცველთან, საპარლამენტო უმცირესობასთან და საპარლამენტო უმრავლესობასთან, რომლებმაც სრულად გაიზიარეს აღნიშნული პოზიცია. სასიამოვნოა, რომ წინა საკონკურსო კომისიის ცხრავე წევრი ასევე გაგებით შეხვდა ჩვენს მოსაზრებებს და არგუმენტებს და, მიუხედავად ამ საკითხზე ადრე გამოთქმული შეხედულებებისა, მათ თანხმობა განაცხადეს პარლამენტის მიერ ხელახლა შესაქმნელი საკონკურსო კომისიის წევრობაზე. დარწმუნებული ვარ, ამჯერად ყველა გავითვალისწინებთ კონკურსის პირველ ეტაპზე მიღებულ გამოცდილებას და წარმატებით დავასრულებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ფორმირებას", - აცხადებს დავით უსუფაშვილი.

ცნობისთვის, 27 დეკემბრის და 23 იანვრის სხდომებზე, პარლამენტმა GPB-ის მეურვეობის ჯამში ოთხი კანდიდატი დაამტკიცა - ლელა გაფრინდაშვილი, ქეთევან მსხილაძე, მარინა მუსხელიშვილი და ნათელა სახოკია.

კომენტარები