2008 წლის აგვისტოს ომი

ვაშაძე: WikiLeaks-ის მასალას ვადასტურებ, ტეფტს ომის დაწყებაზე მოვუყევი

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე WikiLeaks-ის მიერ გავრცელებულ ერთ-ერთ მასალას, რომლის მიხედვითაც, ვაშაძე აშშ-ის იმდროინდელ ელჩს საქართველოში ჯონ ტეფტს აგვისტოს ომის დროს ესაუბრა, ადასტურებს და აცხადებს, რომ 2008 წლის 1-ელ აგვისტოს ის ცხინვალში ნამდვილად იმყოფებოდა.  ამის შესახებ ვაშაძემ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში თქვა. 

"ერთი რაღაც არასდროს არ მითქვამს, ჩვენს მთავრობას ჰქონდა ასეთი პოზიცია. მაგრამ მაპატიეთ, თავისუფალი მოქალაქე ვარ და შემიძლია ვთქვა. ჩვენ WikiLeaks-ში გასულ ტელეგრამებს არასოდეს არ ვადასტურებდით. ტელეგრამას, სადაც დილის 6 საათზე, ჩემი და ბატონი ჯონ ტეფტის ლაპარაკია აღწერილი, მე ამას ვადასტურებ. პირველ აგვისტოს მე ვიყავი ცხინვალის რეგიონში, სადაც იყო full out war, იყო სრული ომი, როდესაც სეპარატისტებს ეყენათ ცხინვალის შუაგულში არტილერია და ურტყამდნენ ქართველ სოფლებს. სოფელი ნული, მაგალითად, იყო უკვე პირწმინდად დაბომბილი. მე რომ დავბრუნდი, დავურეკე ბატონ ტეფტს, იცოდა, რომ იქ ვიყავი და პატიოსნად მოვუყევი ყველაფერი, რაც იქ ხდებოდა. მე ამას აბსოლუტურად ვადასტურებ" - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის იმ კონფიდენციალურ დიპლომატიურ ტელეგრამებს შორის, რომლის გამოქვეყნებაც WikiLeaks-მა დაიწყო, არაერთია 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული ტელეგრამა. თბილისიდან გაგზავნილი ტელეგრამები მოიცავს აშშ–ის საელჩოს მიერ ვაშინგტონისთვის მიწოდებულ ინფორმაციას ომის დაწყებიდან და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე.

თბილისიდან გაგზავნილ ერთ-ერთი დიპლომატიური ტელეგრამა, რომელიც ომს ეხება, 2008 წლის 7 აგვისტოთი თარიღდება. აშშ–ის მაშინდელი ელჩი საქართველოში ჯონ ტეფტი ვაშინგტონს ატყობინებს, რომ წინა საღამოს კონფლიქტის ზონაში "ინტენსიური ბრძოლა“ დაწყო.

7 აგვისტოს გზავნილში ელჩი წერს, რომ გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, უთხრა, რომ ქართული სოფლების წინააღმდეგ მიდის "სრულმასშტაბიანი შეტევა სამხრეთ ოსეთის მხრიდან,“ რასაც ქართული სამშვიდობო ძალების ერთი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა.

"ელჩმა მოუწოდა [საქართველოს] საგარეო საქმეთა მინისტრს და თავდაცვის მინისტრის მოადგილეს სიმშვიდე შეენარჩუნებინათ, ზედმეტი რეაგირება არ მოეხდინათ და სიტუაცია განეტვირთათ,“ – ნათქვამია გზავნილში.

კომენტარები