ეს შენ გეხება

უკანონო მოსმენების წინააღმდეგ, კამპანია "ეს შენ გეხება" დაიწყო

უკანონო მოსმენების წინააღმდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციათა ჯგუფმა კამპანია "ეს შენ გეხება" დაიწყო. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, სამოქალაქო ინიციატივის მოთხოვნაა, არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის შეცვლა საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების გათვალისწინებით.

"საქართველოში სამართალდამცავი ორგანოების მიერ უკონტროლო ფარული მიყურადების წარმოება, ბოლო რამდენიმე წელია, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, საგამოძიებო ორგანოები წლების განმავლობაში, ყოველგვარი კონტროლისა და ნებართვის გარეშე, უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ საქართველოს რიგით მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, პოლიტიკურ აქტივისტებს, ადვოკატებს, სასულიერო და სხვა პირებს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოსულ მმართველ კოალიციას ამ მიმართულებით არანაირი სისტემური ცვლილება არ განუხორციელებია. დაპირების მიუხედავად, სამართალდამცავ ორგანოებს კვლავ აქვთ შეუზღუდავი წვდომა კავშირგაბმულობის ოპერატორთა მონაცემებთან და მოქალაქეთა შორის ყველა სახის კომუნიკაციასთან. მობილურ ოპერატორებთან განთავსებული ე.წ. "შავი ყუთების" მეშვეობით, სამართალდამცავ უწყებებს შესაძლებლობა აქვთ, ერთდროულად მოუსმინონ ათიათასობით ადამიანს, დაადგინონ მათი ადგილსამყოფელი, წაიკითხონ SMS-ები და პირადი ელექტრონული (ელფოსტით, Viber, WhatsApp, BBM და სხვა აპლიკაციებით განხორციელებული) მიმოწერა. საქართველოს პარლამენტში თითქმის ერთი წლის წინ ინიცირებული კანონპროექტი სწორედ ასეთი სისტემის შექმნას გულისხმობს. დღეს მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს ფარული მიყურადებისა და თვალთვალის მექანიზმებს, სამწუხაროდ, არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. მეტიც, ზოგიერთი დებულება პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს. სამოქალაქო ინიციატივის „ეს შენ გეხება“ მოთხოვნაა, არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის შეცვლა საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების გათვალისწინებით. საქართველოს პარლამენტში თითქმის ერთი წლის წინ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც კამპანიის წევრების მონაწილეობით მომზადდა, სწორედ ასეთი სისტემის შექმნას გულისხმობს", - ნათქვამია განცხადებაში.

კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრების, აქციებისა და კონფერენციების ჩატარება მთელი საქართველოს მასშტაბით, რაზეც ინფორმაცია რეგულარულად განახლდება კამპანიის ვებგვერდზე esshengexeba.ge და სოციალურ ქსელში: fb.com/esshengexeba, twitter.com/esshengexeba.

ცნობისთვის, უკანონო მოსმენებისთვის სასჯელი მკაცრდება. ასევე, ფარული ვიდეო/აუდიომასალის გამავრცელებელი, სავარაუდოდ, 7-წლიანი პატიმრობით დაისჯება. შესაბამისი ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში შედის. საპარლამენტო უმრავლესობა კანონის გამკაცრებას მიესალმება, ნაციონალურ მოძრაობაში კი ამბობენ, რომ მიყურადების პრაქტიკა ამით არ აღმოიფხვრება. სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანისა და უკანონო მოსმენისთვის სასჯელის გამკაცრების მომხრეა სახალხო დამცველიც. უჩა ნანუაშვილის თქმით, პირადი ცხოვრების დაცვის კუთხით ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. უკანონოდ ფარული მიყურადების შესახებ კანონის გამკაცრებას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგებლებიც ემხრობიან.

შეგახსენებთ, 2013 წლის ოქტომბერში კომპანია ერიქსონის წამომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველოს მთავრობა, შესაძლოა, საკუთარი მოქალაქეების უკანონო მოსმენებისთვის ამ შვედური სატელეკომუნიკაციო გიგანტის ტექნოლოგიას იყენებდეს. აღნიშნული ინფორმაცია სააგენტო France Press-მა გაავრცელა. შვედურმა კომპანიამ განაცხადა, რომ ტექნოლოგია, რომელიც თავდაპირველად კრიმინალების მოსასმენად შეიქმნა, სტანდარტულია და ერიქსონმა ის ქსელურ აღჭურვილობასთან ერთად ქართულ სატელეკომუნიკაციო პროვაიდერ ჯეოსელს 2005 წელს მიჰყიდა.

"ტექნოლოგია კრიმინალთან საბრძოლველადაა განკუთვნილი, თუმცა, საქართველოს ხელისუფლება მას, სავარაუდოდ, სხვა მიზნებისთვის იყენებს", - განაცხადა ერიქსონის წარმომადგენელმა ფრედრიკ ჰალსტანმა. აღნიშნული კომენტარი მან მას შემდეგ გააკეთა, რაც შვედეთის საზოგადოებრივ რადიოში საქართველოს ხელისუფლების მიერ საკუთარი მოსახლეობის ფარული მოსმენებისთვის ერიქსონის ტექნოლოგიის გამოყენების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

რადიოს ცნობით, ხელისუფლებას 21,000 მობილური ტელეფონის მოსმენის ტექნიკური შესაძლებლობა გააჩნია. მათგან მესამედი სწორედ ჯეოსელის ქსელშია ჩართული. ჯეოსელის ერთ-ერთი მფლობელის, შვედურ-ფინური სატელეკომუნიკაციო ოპერატორის Teliasonera-ს წარმომადგენლის სალომონ ბეკელეს განცხადებით, საქართველოში მოქმედ მობილურ ოპერატორებს მოეთხოვებათ საკუთარ ქსელებში ხელისუფლების წარმომადგენელთა დაშვება.

"ხელისუფლება აწარმოებს ქსელების მონიტორინგს და არც ჩვენ და არც სხვა მობილურმა ოპერატორებმა არ ვიცით, რას უსმენენ და რა ინფორმაციას აგროვებენ ისინი".

ჯეოსელის აღმასრულებელი დირექტორის პასი კოისტინენის მიერ შვედეთის რადიოსთვის მიწოდებული ინფორმაციით კი, ფარული მიყურადება საქართველოს კანონმდებლობით დასაშვებია: "ეს ჩემთვის მიუღებელია და ვისურვებდი, რომ კანონი შეიცვალოს. მაგრამ თუ თვალთვალი კანონის შესაბამისად ხორციელდება, ჩვენ ვალდებული ვართ დავემორჩილოთ ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობას".

ამასთან, ჯეოსელის განცხადებით, კომპანიამ მთავრობას მიმართა და გახდა კანონის ცვლილების ინიციატორი, რომ მომხდარიყო სასამართლოს დადგენილების გარეშე შესაბამისი სამსახურების მიერ ქსელთან პირდაპირ წვდომის აკრძალვა. ჯეოსელის თქმით, შეიქმნა კომიტეტი, რომელიც მოსმენების შესახებ კანონის ცვლილებაზე მუშაობს.

კომენტარები