არეულობა ყირიმში

სააკაშვილი: საქართველო და უკრაინა პუტინის პროვოკაციის მსხვერპლნი გახდნენ

www.chveniambebi.info

2008 წელს საქართველო და ახლა უკრაინა პუტინის გეგმის მსხვერპლნი არიან - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა CNN-ზე, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, ის რაც ახლა ყირიმში ხდება გასაოცარი და მოულოდნელი არ არის. სააკაშვილის განცხადებით პუტინი 2008 წლის გეგმას იმეორებს, როდესაც რუსეთის ჯარმა ქართული ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა.

”როდესაც 2008 წელს რუსეთის ჯარმა საქართველო დაიპყრო, და მანამდეც, მე ვაცხადებდი რომ პირველი საქართველოა. მას კი უკრაინაც მოჰყვება. პუტინს გეგმას მიჰყვება. სხვათაშორის, ორივე შემთხვევა ოლიმპიადას დაემთხვა. მაშინ მიმდინარეობდა პეკინის ოლიმპიადა. ახლა კი სოჭის ოლიმპიური თამაშები. ეს ე.წ. ამოუცნობი ჯარისკაცები, სინამდვილეში რუსული საჯარისო ნაწილების წევრები არიან, ჩვენ ისინი ბევრჯერ გვინახავს, ვიცნობთ კარგად მათ ხელწერას. ამგვარად, ის რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ მეტი არაფერია თუ არა ფართომასშტაბიან სამხედრო თავდასხმა, რომლის შენიღბვასაც პუტინი არც კი ცდილობს. ჩვენ ვსაუბრობთ 45 მილიონიანი ქვეყნის დაპყრობაზე 21-ე საუკუნეში. ეს იყო პასუხი იმ დემოკრატიული რევოლუციისა, რომელმაც სისხლიანი ტირანის რუსეთში გაქცევა გამოიწვია” - განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის განცხადებით ეს შემთხვევა კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ 2008 წლის ომი არა საქართველოს უპასუხისმგებლო ქმედებებით იყო პროვოცირებული, არამედ რუსეთის გამიზნული გეგმის შედეგი იყო.

”საქართველოს შემთხვევაში, ზოგიერთი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ყველაფერი საქართველოს უპასუხისმგებლო ქმედებების პროვოცირებული იყო. მაშინ, რას იტყოდით ამ შემთხვევაში? ეს არის მოდელი და ვლადიმერ პუტინი ამ მოდელს ნებისმიერ შემთხვევაში მიჰყვება. როდესაც უკრაინამ უარი თქვა ბირთულ იარაღზე, შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ და რუსეთმა, აიღეს ვალდებულება, უზრუნველეყოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ასე რომ, არსებობს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რომელის მიხედვითაც დასავლურმა ძალებმა მოვლენების მსგავსი განვითარება არ უნდა დაუშვან. თუმცა, როგორც ვხედავთ, რუსეთმა ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები დაარღვია. ყველა დასავლური ლიდერი თანხმდება, რომ ცივი ომი დასრულდა. თუმცა, პუტინისთვის ის ახლაც გრძელდება. ამჟამად ჩვენ მივდივართ ძალიან ცხელი ომისკენ ევროპაში. ეს კი განსაკუთრებული გარემოებაა. როდესაც ჩვენ ანექსიაზე ვსაუბრობთ, რუსეთის დუმაში ახლახანს წარადგინეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მარტივდება სხვა ქვეყნების ტერიტორიების რუსეთთან შემოერთების პროცედურები” - განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, პუტინის გაღიზიანება უკრაინისა და ევროკავშირის დაახლოებამ გამოიწვია. მისი თქმით, საქართველოსაც ანალოგიური პრობლემები ქონდა რუსეთთან.

”უკრაინელებმა ახლახანს აირჩიეს დროებითი მთავრობა. ყველაფერი მშვიდობიანად მიმდინარეობდა. მე ოპოზიციის ლიდერებს რამდენიმე დღის განმავლობაში ვხვდებოდი და მათთან ხანგრძლივი საუბრები მქონდა. მათ საკმაოდ მშვიდობიანი განზრახვები ქონდათ გაეტარებინათ რეფორმები და დემოკრატიული ცვლილებები, გაეხსნათ უკრაინა ევროკავშირისთვის. ეს სწორედ ის ნაბიჯებია, რაც ვლადიმერ პუტინმა მათ ვერ აპატია. თუ უკრაინა განაგრძობს ნორმალურ, ევროპულ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ და ღია საზოგადოებად ჩამოყალიბებას, მაშინ თითოეული რუსეთის მოქალაქე მოსთხოვს პუტინს რომ ეს მათთანაც მოხდეს. ჩვენ იგივე პრობლემა გვქონდა საქართველოში. იმის გამო რომ საქართველო დემოკრატიულ საზოგადოებას აშენებდა, პუტინს მოუწია ინსცენირება, რომ ის ჩვენს ტერიტორიაზე მოსახლეობის ნაწილს იცავდა. საქართველოს მსგავსად, უკრაინას ძლიერი ჯარი ჰყავს. მათ დაყარეს იარაღი, მაგრამ მათი ოფიცრები ძალიან ძლიერები არიან. სხვათა შორის, საკმაო ნაწილი რუსეთის ჯარისკაცებისა, უკრაინული წარმოშობის არიან. ასე რომ, არც ისე ნათელია, თუ როგორ აპირებს რუსეთი მათ გამოყენებას თავიანთი სამშობლოს წინააღმდეგ. ასე რომ, უკიდურეს შემთხვევაში, ჩვენ შესაძლოა მომსწრე გავხდეთ ომის, ორ დიდ ევროპულ ქვეყანას, რუსეთსა და უკრაინას შორის.” - განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილი აშშ მოუწოდებს უფრო მკაცრი იყოს პუტინის მისამართით და დაეხმაროს უკრაინას კონფლიქტის მოგვარებაში.

”ყირიმი ევროპისთვის უკრაინის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ ვსაუბრობთ თუ რა შეუძლია ამერიკას, რომ გააკეთოს. მაშინაც, კი თუ თქვენ ვერ შეძლებთ ტანკების გაგზავნას, ან ალიანსის სახელშეკრულებო ვალდებულებებით მოქმედებას, თქვენ შეგიძლიათ რუსეთი დიდი 8-დან გააძევოთ. თქვენ ასევე შეგიძლიათ ამერიკულ და საერთაშორისო ბანკებში იმ ანგარიშების კონტროლირება, სადაც კორუმპირებული პუტინის გენერლებსა და თავად პუტინს აქვთ ანგარიშები გახსნილი” - განაცხადა სააკაშვილმა. 

კომენტარები