არეულობა ყირიმში

ყირიმში შეიარაღებულმა პირებმა პარლამენტისა და მთავრობის შენობები დაიკავეს

ყირიმში შეიარაღებულმა პირებმა ადგილობრივი პარლამენტისა და მთავრობის შენობები დაიკავეს. შენობებზე რუსეთის დროშებია აღმართული.

თვითმხილველების ცნობით, შეიარაღებულ პირებს განმასხვავებელი ნიშნების გარეშე ფორმები აცვიათ და საკმაოდ პროფესიულად მოქმედებენ. ტერორისტებს დიდი რაოდენობით იარაღი აქვთ. ისინი რაიმე მოთხოვნებს არ აყენებენ. ყირიმის მთავრობის ხელმძღვანელის მათთან მოლაპარაკების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

სამთავრობო შენობების გარშემო პოლიციის ძალებია მობილიზებული. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ხელსუფლება სხვა ზომებსაც მიმართავს, რათა პროვოკაცია არ დაუშვას და შეიარაღებული დაპირისპირება თავიდან აიცილოს.

ყირიმის გარშემო ვითარების დაძაბვას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი გამოეხმაურა და მოსკოვი მკაცრად გააფრთხილა. მისი თქმით, სამხედრო ჩარევის, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ნებისმიერი მცდელობა უზარმაზარი, დამღუპველი შეცდომა იქნება და რუსეთს ძალიან ძვირად დაუჯდება.

ბოლო მონაცემებით, გუშინ ყირიმის პარლამენტის შენობასთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად 30 ადამიანი დაშავდა. ორი ადამიანი, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. დაპირისპირება პრორუს აქტივისტებსა და ყირიმელ თათრებს შორის მოხდა, რომლებიც სეპარატისტების წინააღმდეგ გამოვიდნენ. 

 

კომენტარები