სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

ხიდაშელი: ანგარიშში პოლიტიკურ დევნაზე მხოლოდ ნაციონალების ბრალდებებია

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა შესახებ ანგარიშთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, წინა ანგარიშებისგან განსხვავებით, პოლიტიკურ დევნაზე წელს საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ ბრალდებები ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ისმის.

"როგორც ყოველთვის, სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა ანგარიში ყველა ასპექტს განიხილავს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ, რამდენიმე წინა ანგარიშისგან განსხვავებით, პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით წელს საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ ისმის ბრალდებები ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. მასში არ არის ნათქვამი იმის შესახებ, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებს ამ ბრალდებებს და, შესაბამისად, მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, არ დაუშვას პოლიტიკური დევნა. ასეთი საუბარი ანგარიშში არ არის და მხოლოდ ისაა აღნიშნული, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს ესმის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა ბრალდებები აღნიშნულთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კონტექსტს არ გასცდენია შენიშვნა ამ მიმართულებით", - აღნიშნა ხიდაშელმა.

კომენტარები