საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობა ეგზოტიკურად დაიწყო 1990-იან წლებში -- "მაგან თავი ხომ არაფერს მიარტყა", დაახლოებით ასე ჟღერს ქართულად ის წინადადება, რაც უფროს ჯორჯ ბუშს აღმოხდა CNN-ის კორესპონდენტთან საუბრისას, როდესაც შეიტყო, რომ 1991 წლის აგვისტოს პუტჩს, გამსახურდია გორბაჩოვს აბრალებდა.
მას შემდეგ 22 წელი გავიდა.
დღეს ბევრი ჩვენგანი ქართული სახელმწიფოს არსებობას თავისთავად მოცემულობად იღებს, მაგრამ ჩვენივე ისტორიის გახსენება საკმარისია იმის გასაცნობიერებლად, რომ დამოუკიდებლობის 22 წელი მნიშვნელოვანი მიღწევაა და ამაში უდიდესი წვლილი, შეერთებულ შტატებსაც მიუძღვის.
ვერ ვიტყვით, რომ ოთარ ფაცაცია ან თენგიზ სიგუა, უკეთესი პრემიერები იყვნენ, ვიდრე ნოე რამიშვილი ან ნოე ჟორდანია; ვერც იმას დავიჩემებთ, რომ მურმან ომანიძე და ალექსანდრე ჩიკვაიძე, როგორც დიპლომატები სჯობდნენ ევგენი გეგეჭკორს და აკაკი ჩხენკელს; ისიც ცხადია, რომ ვარდიკო ნადიბაიძე და თენგიზ კიტოვანი, მხედართმთავრული ნიჭით, გიორგი მაზნიაშვილსა და გიორგი კვინიტაძეს არ აღემატებოდნენ.
უფრო მეტიც, მაშინდელი პრესა და საპარლამენტო დებატები მოწმობს, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისის პოლიტიკური დისკუსია დღევანდელთან შედარებით ერთი თავით მაღლა იდგა. მაგრამ, ამის მიუხედავად, პირველმა რესპუბლიკამ დასავლური ქვეყნების მხარდაჭერა ვერ მოიპოვა და სწორედ ამის გამო, მხოლოდ სამი წელი გაძლო.
საქართველოსა და ამერიკის პარტნიორობის მნიშვნელობაზე - გადაცემის მეორე ნაწილში.




