სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მერაბიშვილის დაკავებაზე

Reuters

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ 2013 წლის ანგარიშში საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის დაკავებაზეცაა საუბარი.

დოკუმენტში წერია, რომ ივნისში მაღალჩინოსნებმა დააკავეს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და პრემიერმინისტრი, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით - 2006 წელს შინაგან საქმეთა მინისტრობისას, მან ხელი შეუშალა დამოუკიდებელ გამოძიებას სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით.

ანგარიშში წერია, რომ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ასევე ბრალი წაუყენეს 2011 წელს ანტისახელისუფლებო პროტესტის დროს ძალის გადამეტებული მიზანმიმართული გამოყენების ბრძანებისთვის.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აკრიტიკებდა პარტიის გენერალური მდივნის დაპატიმრებასა და წინასწარ პატიმრობას და საპრეზიდენტო არჩევნების წინ შერჩევით სამართალს უწოდებდა. სასამართლო დამკვირვებლები ამბობდნენ, რომ დაკავება და წინასწარი პატიმრობა ჩანდა, იყო საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებული.

დეკემბერში, მერაბიშვილმა თქვა, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს მაღალჩინოსნებმა ის გაიყვანეს საკნიდან უცნობ ადგილას, სადაც მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაემუქრა, რომ ზიანს მიაყენებდა მის ოჯახს, გააუარესებდა მის საცხოვრებელ პირობებს პატიმრობაში ყოფნისას, თუ ის არ მისცემდა ჩვენებას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და არ დაეხმარებოდა პროკურორებს 2005 წელს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიებაში”, - წერია ანგარიშში.

დოკუმენტში წერია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტრომ და მთავარმა პროკურატურამ მერაბიშვილის ბრალდება უარყვეს.

ანგარიშში წერია, რომ წლის განმავლობაში სასამართლომ რამდენიმე პროცესი ჩაატარა სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, ვანო მერაბიშვილისა და ბაჩო ახალაიას ჩათვლით. პროცესზე დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეს ჰქონდათ შესაძლებლობა, დაეფიქსირებინათ პოზიცია. თუმცა, ექსპერტები შეშფოთებას გამოთქვამდნენ მერაბიშვილის პროცესის ნელი მიმდინარეობის შესახებ.

”სასამართლო დამკვირვებლებმა პროცესის ნელი მიმდინარეობა ძირითადად დაუკავშირეს პროკურატურის შუამდგომლობებს წინასასამართლო სხდომის გადადების შესახებ. დამკვირვებლებზე დაყრდნობით, პროკურორებმა ის, სულ ცოტა, სამჯერ გადადეს”, - წერია ანგარიშში.

ყოველწლიურ ანგარიშში გამოყენებულია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მოხსენებები, ასევე OSCE/ODIHR-ის ანგარიშები საქართველოს შესახებ.

კომენტარები