ვანო მერაბიშვილის საქმე

ადვოკატი: ჯერ უცნობია, მოხდება თუ არა მერაბიშვილის სასჯელების შთანთქმა

Reuters

ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, მოხდება თუ არა 5-წლიანი, ასევე 4.6-წლიანი სასჯელების შემცირება ან შთანთქმა.

ჩივიაშვილის თქმით, როდესაც საჩივრები ყველა ინსტანციას მოივლის, მოსამართლემ შემდგომ უნდა გადაწყვიტოს, მოხდება თუ არა აღნიშნული სასჯელის შთანთქმა.

ჩივიაშვილის თქმით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილმა სასჯელმა, მიღებულმა გადაწყვეტილებამ რომ შთანთქოს საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით გამოტანილი განაჩენი, რაც 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, შესაძლებელია.

შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლასთან დაკავშირებით წაყენებული ორი ბრალდებიდან ერთ-ერთში დამნაშავედ ცნო და მიუსაჯა პატიმრობა 6 წლის ვადით, თუმცა, ამნისტიის კანონის საფუძველზე, საბოლოო სასჯელად განესაზღვრა პატიმრობა 4 წლითა და 6 თვის ვადით. გადაწყვეტილება მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ გამოიტანა.

სასამართლომ ვანო მერაბიშვილი უდანაშაულოდ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტის მიხედვით წაყენებულ ბრალდებაში. აღნიშნული მუხლი გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა, რასაც ახლავს დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფა.

მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. აღნიშნული გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა, დანაშაული კი ჩადენილია ძალადობით ან იარაღის გამოყენებით.

კომენტარები