აშშ-საქართველოს ურთიერთობა

კერი: საქართველოში პოლიტიკურ ძალებს დიალოგისა და დებატებისკენ მოვუწოდებ

truthrevolt.org

დემოკრატიები სარგებელს ძლიერი პოლიტიკური ოპოზიციიდან იღებენ. ამიტომ, ჩვენ ყველა მხარეს მოვუწოდებთ კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ, რათა საქართველოში გაძლიერდეს დიალოგი და დებატები - ამის შესახებ ჯონ კერიმ აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოს დემოკრატიული საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება მიულოცა და თვითმართველობის არჩევნების იმავე სტანდარტებით ჩატარებისაკენ მოუწოდა. ასევე ისაუბრა ქვეყანაში ძლიერი ოპოზიციის არსებობის საჭიროებაზე.

”პირველ რიგში, ვულოცავ საქართველოს 2013  წელს საპრეზიდენტო არჩევნების თავისუფლად და დამოუკიდებლად ჩატარებას. პროცესის გამჭვირვალობა აშკარა იყო და ამისთვის ტაშს გიკრავთ. თქვენ გაქვთ შანსი, განავრცოთ ეს მიღწევები თვითმმართველობის არჩევნების იმავე სტანდარტებით ჩატარებით. ვფიქრობ, ყველასთვის ცნობილია, რომ დემოკრატიები სარგებელს იღებენ ძლიერი პოლიტიკური ოპოზიციიდან. ამიტომ, ჩვენ ყველა მხარეს მოვუწოდებთ კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ, რათა საქართველოში გაძლიერდეს დიალოგი და დებატები. ეს კი თქვენს ქვეყანას მხოლოდ გააძლიერებს. ჩვენ ამაში დარწმუნებული ვართ”, - განაცხადა კერიმ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, კანონის უზენაესობა დაიცვას და დაწყებული ეკონომიკური რეფორმები გააგრძელოს.

”ჩვენ ასევე მივესალმებით საქართველოს მიერ ეკონომიკის რეფორმირებისას მიღწეულ პროგრესს და მთავრობას მოვუწოდებთ, სწრაფად დაიწყოს იმ გეგმების იმპლემენტაცია, რომლითაც ინვესტიციებისა და სავაჭრო კავშირების დამყარებას შეუწყობს ხელს, მათ შორის, შეერთებულ შტატებთან. კანონის უზენაესობის მტკიცე მხარდაჭერა და პროცესების მტკიცე ერთგულება ხელს შეუწყობს ინვესტორებში ნდობის ამაღლებას, ასევე, ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციასა და საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის აშენებას. ჩვენ თითოეულ ქართველს მოვუწოდებთ გაერთიანდნენ მომავლისთვის და წარსული წარსულში დატოვონ”, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

 

კომენტარები