აშშ-საქართველოს ურთიერთობა

კერი: აშშ გეგმავს, დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაში

Irakli Garibashvili Official/facebook

აშშ–ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადებით, ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. კერიმ საქართველოს პრემიერთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ აშშ საქართველოსთვის „დამატებით დახმარებას“ გეგმავს მის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებში მხარდაჭერის მიზნით.

"დღეს მსურს გაუწყოთ, რომ შეერთებული შტატები დამატებით მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ხედვას. კერძოდ, საქართველოს დავეხმარებით ევროპასთან უვიზო რეჟიმის შემოღებასა და იმ სიძნელეების შემსუბუქებაში, რაც ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ მავთულხლართების გავლებამ გამოიწვია. ჩვენ ასევე მივესალმებით საქართველოს მიერ ეკონომიკის რეფორმირებისას მიღწეულ პროგრესს და მთავრობას მოვუწოდებთ სწრაფად დაიწყოს იმ გეგმების იმპლემენტაცია, რომლითაც ინვესტიციებისა და სავაჭრო კავშირების დამყარებას შეუწყობს ხელს, მათ შორის შეერთებულ შტატებთან. კანონის უზენაესობის მტკიცე მხარდაჭერა და პროცესების მტკიცე ერთგულება ხელს შეუწყობს ინვესტორებში ნდობის ამაღლებას, ასევე, ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციასა და საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის აშენებას. ჩვენ თითოეულ ქართველს მოვუწოდებთ გაერთიანდნენ მომავლისთვის და წარსული წარსულში დატოვონ", – განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის მე–4 პლენარულ სხდომაზე.

თავის მხრივ, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატები მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად მოიხსენია. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, მან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს საერთო ინტერესები აერთიანებთ. მანვე იმედი გამოთქვა, რომ ურთიერთთანამშრომლობა წარმატებით გაგრძელდება. 

„საქართველო ამერიკას აღიქვამს, როგორც ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორს და მინდა უსაფრთხოების, ტერიტორიული ერთიანობის და სხვა მიმართულებით თქვენი მუდმივი მზადყოფნისა და დახმარებისთვის მადლობა გადაგიხადოთ. ეს ძლიერი სტიმული გახლავთ ჩვენთვის, რომ კიდევ უფრო მაღალ ხარისხში ავიყვანოთ დემოკრატიის გაძლიერება. საქართველოს ტერიტორიების 20 %-ზე მეტი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოც ამერიკის გვერდით დგას. როცა გადაწყვეტილების მიღება იყო საჭირო სტრატეგიულ მოკავშირეობასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ ამერიკის სასარგებლოდ მივიღეთ გადაწყვეტილება. ქარტია გახლავთ ჩარჩო ჩვენი თანამშრომლობის მრავალმხრივი მიმართულებისა. საქართველო ოთხივე მიმართულებით ინტენსიურად გააგრძელებს მუშაობას", - განაცხადა საქართველოს პრემიერმა მთავრობის პრესსამსახურის ცნობით.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში 22 თებერვალს გაემგზავრა. ოფიციალური შეხვედრები 1-ელ მარტამდე გაგრძელდება. საქართველოს პრემიერმინისტრმა შეხვედრები გამართა თეთრ სახლში. ირაკლი ღარიბაშვილი შეერთებული შტატების  პრეზიდენტს ბარაკ ობამას და ვიცეპრეზიდენტს ჯოზეფ ბაიდენს შეხვდა. ასევე, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერი სიტყვით გამოვიდა ატლანტიკურ საბჭოში.

კომენტარები