საპროტესტო აქციები უკრაინაში

ყირიმში უკრაინის ერთიანობის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების აქციები იმართება

აქცია სიმფეროპოლში

ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის რადას შენობის წინ, სიმფეროპოლში, ამ წუთებში რამდენიმე ათასი ადამიანია შეკებილი. აქციას ადამიანთა ორი დაპირისპირებული ჯგუფი მართავს.

ყირიმელი თათრები ყირიმის რადას მოუწოდებენ, ავტონომიური რესპუბლიკა დაემორჩილოს უკრაინის ახალ ხელისუფლებას, ადამიანთა სხვა ნაწილი კი პირიქით, უკრაინისგან გამოყოფასა და რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ითხოვს. ისინი ერთმანეთს ფიზიკურადაც უპირისპირდებიან, მოხდა რამდენიმე ინციდენტი. აქციაზე დაძაბული სიტუაციაა.

ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის რადა დღეს რიგგარეშე სხდომას მართავს, სადაც ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას განიხილავენ. ყირიმის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, დეპუტატთა უმრავლესობა არ აღიარებს უკრაინის ახალი ხელისუფლების ლეგიტიმურობას.

ყირიმის რადაში 25 თებერვალს შეხვედრები გამართეს რუსეთის დუმის დეპუტატებმა, რომლებმაც განაცხადეს, რომ მათი ინიციატივით, შესაძლოა, უკრაინაში მცხოვრებ ეთნიკურ რუსებს გამარტივებული წესით მიენიჭოთ რუსეთის მოქალაქეობა.

ყირიმელი თათრები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ყირიმში რუსეთის გავლენის გაზრდას. ისინი ადგილობრივ დეპუტატებს ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნებისა და უკრაინის ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ.

კომენტარები