საპროტესტო აქციები უკრაინაში

რუსეთის საპატრიარქოს უკრაინელმა მღვდელმა ევრომაიდნის აქტივისტები დაწყევლა

დეკანოზი ანდრეი ტკაჩევი

რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებულმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზმა ანდრეი ტკაჩევმა ეკლესიაში ქადაგებისას დაწყევლა ევრომაიდნის საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც უკვე 3 თვეა კიევის ცენტრში ევროინტეგრაციასა და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ.

სასულიერო პირის წყევლის ამსახველი ვიდეო youtube-ზეა ატვირთული.

"რევოლუცია სიკეთეს არ მოიტანს. მე პირადად ვლოცულობ, რომ უფალმა გააჩინოს შიში და ძრწოლვა ამბოხებულთა გულებსა და ძვლებში, რომ ღმერთმა მათ მოუვლინოს ავადმყოფობა სახლსა და ქუჩაში, შიში ქუჩასა და სახლში, რათა მათ სიმშვიდე ვერ ჰპოვონ და დაჭამონ ერთმანეთი, დაე, ქვეწარმავალმა შეჭამოს ქვეწარმავალი - მე მათზე არ ვიდარდებ. ისინი არიან ჩვენი აწყმოსა და მომავლის ნამდვილი მტრები. მე მათზე არ ვდარდობ, მათთვის არ ვლოცულობ...", - გავრცელებულ ვიდეომასალაში საუბრობს დეკანოზი ანდრე ტკაჩევი.

სასულიერო პირი კიევს უწოდებს საცოდავ ქალაქს, რომელიც პოპულისტებს აქვთ ოკუპირებული.

ევროინტეგრაციის მოთხოვნით ქუჩებში გამოსულ უკრაინელებს სოლიდარობას მხოლოდ უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქო და მისი პატრიარქი ფილარეტი გულშემატკივრობს. ამ ეკლესიის სასულიერო პირები პირადადაც იმყოფებიან საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორებს და გულშემატკივრობენ მათ. უკრაინაში მართლმადიდებელი მოსახლეობისა და სასულიერო პირების ნაწილი კი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ექვემდებარება.

კომენტარები