სააკაშვილი უკრაინაზე

სააკაშვილი: ინგრევა რუსეთის ყოვლისშემძლეობისა და სისტემის ეფექტურობის მითები

მიხეილ სააკაშვილი
fb.com/SaakashviliMikheil

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, უკრაინის გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ საქართველოსთვის. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

"გამარჯვებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ რეგიონისთვის, საქართველოსთვის. ვფიქრობ, რომ საბჭოთა კავშირი იშლება ნამდვილად ახლა. საბჭოთა მენტალიტეტი ინგრევა.

რამდენიმე რამ დაინგრა უკრაინის რევოლუციით. დაინგრა პირველ რიგში მითი რუსეთის ყოვლისშემძლეობის. პუტინმა ყველაფერი გააკეთა, რაც მის ძალებში იყო, რათა ეს რევოლუცია შეეჩერებინა. კიევში და უკრაინის თითქმის ყველა რეგიონში, მათ შორის, აღმოსავლეთში, პუტინი ბოლომდე დამარცხდა. ბოლო კვირებში აქ იყო ნამდვილი დესანტი პუტინის - იყვნენ FSB-ს გენერლები, იყო სურკოვი, რომელიც არის მისი წარმომადგენელი აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში და რეალურად გადმოამისამართა უკრაინაში, კიევში იჯდა და ხელმძღვანელობდა ამათ მოქმედებებს. იანუკოვიჩს მისცა 2 მილიარდი, რათა იანუკოვიჩს განეხორციელებინა დარბევა. ეს ყველაფერი ჩამოიშალა", - თქვა სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, მეორე მითი, რომელიც ინგრევა,"იანუკოვიჩისა და პუტინის სისტემის ეფექტურობაა".

სააკაშვილმა ყირიმის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, აქ მთავარი პრობლემა რუსული სამხედრო ბაზისა და სამხედრო კონტინგენტის არსებობაა.

"რაც შეეხება ყირიმს, ყირიმში მთავარი პრობლემა არის რუსული სამხედრო ბაზა და რუსული სამხედრო კონტინგენტის ყოფნა. ახლა რუსები იქ ცდილობენ ზუსტად იმავე სცენარის გაკეთებას, როგორც ცხინვალში და აფხაზეთში თავის დროზე. როგორც ცდილობდნენ აჭარაში. ჩვენ ხომ რეალურად აჭარა და ჯავახეთი ცხვირწინ ავაცალეთ რუსეთს. ორივეგან რუსული ბაზა იყო. რომ არა ვარდების რევოლუცია და შემდგომ ჩვენ მიერ გატარებული რეფორმები, დღეს აჭარაც დამოუკიდებლად ექნებოდა გამოცხადებული და ცალკე გამოყოფილი იქნებოდა ჯავახეთი. ჩვენ დროზე მივუსწარით. აფხაზეთს და ცხინვალს ვეღარ მივუსწარით, იმიტომ, რომ ძირითადი საქმე რუსეთმა მოათავა 90-იანებში. ყირიმში ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა ეს სეპარატიზმი. მე ყველა ლიდერს ვხვდები და ვეუბნები, რომ თუ ახლა სწრაფად იმოქმედეს, თავის მიზნებს ვერ განახორციელებს რუსეთი. თუმცა, დრო აქვთ ძალიან შეზღუდული", - აღნიშნა სააკაშვილმა.

სააკაშვილმა ასევე თქვა, რომ მან უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე მიიღო შემოთავაზებები. თუმცა, მისი თქმით, "მე, რა თქმა უნდა, ამის გეგმა არ მაქვს".

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მთავარი, რაც უკრაინაში ახლა გასაკეთებელია, რეფორმების სწრაფად გატარებაა.

გიორგი გაბუნიამ იულია ტიმოშენკოს აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებაზეც დაუსვა კითხვა, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა, რომ ის ნიჭიერი ქალია, თუმცა, ძალიან ბევრი ახალი ლიდერიც გამოჩნდა.

"იულია ტიმოშენკოსთან მაკავშირებს დიდი ხნის მეგობრობა და ურთიერთობა. 2004 წელს მან პირველი ოფიციალური ვიზიტი პრემიერის რანგში საქართველოში განახორციელა. 2010 წლის არჩევნებისთვის მან მთხოვა დახმარება, ჩვენ გავაგზავნეთ ბევრი მრჩეველი და დამკვირვებელი მათ არჩევნებზე, გავიგე, რომ საქართველოს პროკურატურამ გამოითხოვა მონაცემები იანუკოვიჩის დამხობამდე 3 დღით ადრე. თუ როგორ გავაგზავნეთ ჩვენ დამკვირვებლები უკრაინაში და ამაზე სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული. რბილად რომ ვთქვა, ეს ძალიან სასაცილოა და ძალიან სავალალოა. იულია ტიმოშენკო დაბრუნდა სხვა უკრაინაში ციხიდან. ის იყო ციხეში პოლიტიკური, მოგონილი ბრალდებით. ნიჭიერი ქალია ძალიან, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან ბევრი ახალი ლიდერი გამოვიდა. რაც მთავარია, მთავარი ლიდერები დღეს დგანან ქუჩაში. ბევრი საინტერესო ახალგაზრდაა", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები