საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

facebook.com/georgianheritage

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორად ნიკოლოზ ანთიძე დაინიშნა. სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ანთიძე 2002 წლიდან ძეგლთა დაცვის სფეროში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდა.

პრესსამსახურის ცნობით, ნიკოლოზ ანთიძე არის "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონის თანაავტორი, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დარგში მრავალი საერთაშორისო პროექტის მონაწილე.

"ნიკოლოზ ანთიძე 2011 წლის იანვრიდან დღემდე მუშაობდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის, ხოლო მოგვიანებით კულტურული მემკვიდრეობის ინსპექციის უფროსად.

2009-2011 წლებში ამავე სააგენტოში ხელმძღვანელობდა დაცული ტერიტორიებისა და მონიტორინგის სამსახურს;

2004-2009 წლებში იყო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს, მონიტორინგისა და პრევენციული კონსერვაციის სამმართველოს უფროსი;

2007 წლიდან არის ამავე სამინისტროს „მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის" თავმჯდომარის მოადგილე;

2009 წლიდან კი სამინისტროსთან არსებული „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს" არქეოლოგიური სექციის წევრია; ასევე, იკავებს სამინისტროში „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ჩატარებული, არქეოლოგიური სამუშაოების მიმღები კომისიის" თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას.

2005-2007 წლებში ნიკოლოზ ანთიძე იყო კულტურული მემკვიდრეობის სამართლის ლექტორი თბილისის სამხავტრო აკადემიის, რესტავრაციის, ხელოვნებისა და თეორიის ფაკულტეტზე.

2002-2004 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის იურიდიულ განყოფილებას; 1991-2002 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კვლევის ცენტრში უფროსი ლაბორანტის, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის, სამხედრო საქმის წარმოების ინსპექტორის თანამდებობებზე.

1991-1996 წლებში ნიკოლოზ ანთიძე სწავლობდა თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, თურქეთის ისტორიის სპეციალობის განხრით;

2000 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;

2005 წელს მიღებული აქვს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სერთიფიკატი - "International visitor leadership program of the United States Department of State "Historic preservation in the U.S";

2008 წელს მიიღო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული, დსთ-ს ქვეყნებთან ტექნიკური თანამშრომლობის ფონდის სერტიფიკატი "Maintenance and Restoration of Monuments", - ნათქვამია სააგენტოს პრესსამსახურის განცხადებაში.

დღესვე ნიკოლოზ ანთიძე ეროვნული სააგენტოს დეპარტამენტების ხელმძღვანელებს შეხვდა და კოლეგებს სფეროს განვითარებისთვის მთავარ მიმართულებებზე ესაუბრა.

"საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ძეგლთა დაცვის მეთოდოლოგიური პრინციპებისა და საერთაშორისო კონვენციების სრული დაცვით უნდა განვითარდეს. ეროვნული სააგენტო განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ძეგლის რეაბილიტაციისას სამუშაო წარმოების ხარისხის კონტროლს.

კულტურული მემკვიდრების 2014 წლის პროგრამაში გათვალისწინებული იქნება სხვადასხვა ტიპოლოგიის ძეგლების აღდგენა - რეაბილიტაცია. მიმდინარე წელს სხვადასხვა მიმართულებით, 100-ზე მეტი პროექტი განხორციელდება.

2014 წლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებული, ქვეყნის ეროვნული და მსოფლიო მნიშვნელობის თხუთმეტი მუზეუმ-ნაკრძალში მენეჯმენტის გაუმჯობესება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გააგრძელებს ყველა იმ მრავალეტაპიანი პროექტის განვითარებას, რომლებიც გასულ წლებში დაიწყო და საფუძველი დაედება ისეთი პროექტების ამოქმედებას, რომელიც ძეგლთა დაცვის პარალელურად სასარგებლო იქნება საზოგადოების კეთილდღეობისთვის.

2014 წლის პროგრამა ათვისებული იქნება რთულ მდგომარეობაში არსებული ძეგლების რეაბილიტაციისთვის და მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას იმ ძეგლებისთვის, რომელიც დღემდე გადარჩენას ითხოვს. " - წერია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურის განცხადებაში.

კომენტარები