საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები

ბაქრაძე: ხელისუფლებამ კარგად უნდა გაიაზროს ობამას გზავნილი თანამშრომლობაზე

ხათუნა ხუციშვილი

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვედრას დადებითად აფასებს. დავით ბაქრაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ გააგრძელოს განსაკუთრებული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

"ძალიან კარგია, რომ ასეთი შეხვედრა შედგა. განსაკუთრებით, უკრაინაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების ფონზე. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ გააგრძელოს განსაკუთრებული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან და მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ კარგად გაიაზროს ის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რომელიც მკაფიოდ მოდიოდა ობამასგან, რომ საქართველოს სახელმწიფოს და ქართულ დემოკრატიას სჭირდება თანამშრომლობა ყველა პოლიტიკურ ძალას შორის და არა - დაპირისპირება და კონფრონტაცია. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილებიც იყო, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო და იმედი მაქვს, ამ შეხვედრის შემდეგ ქართული სახელმწიფო და ქართულ-ამერიკული ურთიერთობები გააგრძელებს სწორი მიმართულებით განვითარებას", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს შეხვდა. შეხვედრას პრეზიდენტი ობამაც შეუერთდა. თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტმა და ვიცეპრეზიდენტმა საქართველოს პრემიერმინისტრს მიულოცეს წარმატება ძალაუფლების მშვიდობიანი და დემოკრატიული გადაცემის პირველ პრეცედენტში და მტკიცედ მოუწოდეს - განაგრძოს მუშაობა საქართველოს ყველა ლიდერთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კანონის უზენაესობის და საქართველოს დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაციის მიმართულებით.

კომენტარები