საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები

თეთრი სახლი საქართველოს პრემიერმინისტრთან შეხვედრის მოკლე შინაარსს აქვეყნებს

თეთრი სახლი საქართველოს პრემიერმინისტრთან შეხვედრის მოკლე შინაარსს აქვეყნებს. თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტი ობამა შეუერთდა ვიცეპრეზიდენტ ბაიდენის შეხვედრას საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. პრეზიდენტმა და ვიცეპრეზიდენტმა საქართველოს პრემიერმინისტრს მიულოცეს წარმატება ძალაუფლების მშვიდობიანი და დემოკრატიული გადაცემის პირველ პრეცედენტში და მტკიცედ მოუწოდეს - განაგრძოს მუშაობა საქართველოს ყველა ლიდერთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კანონის უზენაესობის და საქართველოს დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაციის მიმართულებით.

"მათ ასევე მადლობა გადაუხადეს საქართველოს მეგობრობისა და სანდო პარტნიორობისთვის ყველაზე მწვავე რეგიონულ და გლობალურ პრიორიტეტებთან გამკლავებაში. პრეზიდენტმა გამოხატა შეერთებული შტატების დიდი მადლიერება საქართველოს მიმართ ავღანეთში NATO-ს მისიაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და პატივი მიაგო ქართველი ჯარისკაცებისა და მათი ოჯახების მიერ გაღებულ მსხვერპლს. პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა განიხილეს შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები, მათ შორის სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების გაზრდა ორი ქვეყნის ეკონომიკებს შორის. პრეზიდენტმა და ვიცეპრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მათ დაუდასტურეს პრემიერმინისტრს, რომ ქართველ ხალხს შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა აქვს ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე და შეერთებული შტატების დახმარების გაგრძელებას დაჰპირდნენ საქართველოს მთავრობას პოლიტიკურ, ეკონომიკურ და თავდაცვის სფეროებში რეფორმების განხრით", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. აღსანიშნავია, რომ პრემიერმინისტრის პრესსამსახურის განცხადებაში არ წერია ამერიკის პრეზიდენტის და ვიცეპრეზიდენტის მოწოდებაზე - საქართველოს მთავრობამ განაგრძოს მუშაობა ყველა ლიდერთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კანონის უზენაესობის და დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაციის მიმართულებით. აღნიშნულზე არც საკუთარ კომენტარებში უსაუბრიათ საქართველოს პრემიერმინისტრს, საგარეო უწყების ხელმძღვანელს და ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ჯოზეფ ბაიდენთან შეხვედრის ძირითადი თემები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივა, ასევე საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმები იყო. პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ცხინვალისა და აფხაზეთის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლების პროცესზე და აშშ-ს ამ საკითხზე მკაფიო პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს პრემიერმინისტრის განმარტებით, ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ-საქართველოს შორის მაღალი დონის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების შესახებ მოლაპარაკებებს და აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება. 

კომენტარები