რუსეთი

პროპაგანდის სარკული სათვალეები

ისევე, როგორც „სარესტორნო" მუსიკის პაროდიები იშვიათად აღწევს ორიგინალის უგემოვნობისა და პრიმიტიულობის დონეს, რთულია დაცინვით გადმოსცე იმ მყრალი პროპაგანდის არსი, რომელშიც ქართული მედიის ნაწილი ყოველდღიურად გვაყვინთავებს. ვერავინ აღწერს გზისპირა ბალახების არომატების თაიგულს ისე ზუსტად და ღრმად, როგორც მოლაპარაკე ვირი. ვერავინ გადმოსცემს იმ ისტერიულ ბოღმასა და კლინიკურ ცრუპენტელობას, რომელიც დუგინის ფილოსოფიითა და ოერტეს რეპორტაჟებით ნაკვებ სულში ბუდობს, თავად ამ სულის პატრონის გარდა.

აბა, როგორ გინდა ასეთი ფრაზა მოიფიქრო: „ტოლერანტული ევროპა: ინცესტი – ნორმაა, შემდეგი ნაბიჯი უკვე პედოფილიის ლეგალიზებაა, რაც წარმატებით ხორციელდება უკვე ჰოლანდიაში". შეიძლება ბევრი ისაუბრო ანტიდასავლური პროპაგანდის მომძლავრებაზე, მაგრამ ასეთ შედევრს მაინც ვერ დადებ. „საქართველო და მსოფლიო" აუცილებლად დაგასწრებს ახალი მწვერვალის დაპყრობას. აი, ახლაც, სანამ ეს ტექსტი იწერება, დარწმუნებით შეიძლება ვთქვათ, რომელიღაცა ღვაწლმოსილი ჟურნალისტი გულმოდგინედ არჩევს რუსული საიტებიდან გადმოსაკოპირებელ მორიგ სიუჟეტს დასავლეთის გარყვნილებაზე.

რამდენიმე თვის წინ, სვეტში „ვისწრაფოთ ნელა", უკვე ვისაუბრეთ შეუთავსებლობაზე ქვეყნის ევროატლანტიკურ სწრაფვებსა და სტალინისტურ-შავრაზმულ მსოფლმხედველობას შორის. მაგრამ ერთეულოვან სტატიებში პრობლემის გაკვრით ხსენება ასწლიანი გამოცდილების მქონე პროპაგანდისტული მანქანის საპირწონედ არ კმარა. საშინელებათა ამბების ბიუროს შეუნელებელი მადა აქვს. ილუზია, რომ მისი დამარცხება იგნორირებით შეიძლება, კომფორტული, მაგრამ მცდარია. თითს დაუთმობ: ხელს მოგაჭამს. პროპაგანდის დამარცხება მხოლოდ აქტიური და პროპორციული წინააღმდეგობით შეიძლება. ისტორიაში უამრავი მაგალითია, როდესაც „შეძახილმა ხე გაახმო" და ჯიუტად გამეორებულმა სიცრუემ დიდი ხნით განსაზღვრა გავრცელებული წარმოდგენებიცა და პოლიტიკური მოვლენებიც. ამაზე შესანიშნავად წერს, მაგალითად, უმბერტო ეკო ესეში „სიცრუის ძლევამოსილება".


თუ რუსეთის იმპერიულ მიზნებს დასჭირდა, პუტინი პირველი აღიარებს გეი-ქორწინებას ისე, რომ აღმოსავლეთი და დასავლეთი ევროპა გაკვირვებასაც ვერ მოასწრებს.

ამიტომ, თუ არ გვინდა ჭაობს ჩავყვეთ, არ უნდა დავიზაროთ. ჯობია დღეს დავხარჯოთ დრო სიმართლის თქმაზე, ვიდრე ხვალ ვიცხოვროთ შავი ფარდების მიღმა, შიშსა და სიძულვილში საბოლოოდ ჩაძირულ საზოგადოებაში. თუ არ „გვიტყდება" ძვირფასი დროის ხარჯვა უცხოური საფეხბურთო კლუბების გულშემატკივრობაზე, „9გეგის" თინეიჯერული ხუმრობების თვალიერებაზე და ვირტუალური ფერმების მშენებლობაზე, არც ის „ტეხავს", რომ დროდადრო მარტივი ჭეშმარიტებები გავუზიაროთ საკუთარ თანამოქალაქეებს. არ ტეხავს, ვეკამათოთ საჭორაოდ შემოსეირნებულ მეზობელს ან მოწყენილობისგან გაფილოსოფოსებულ ტაქსის მძღოლს. არაა აუცილებელი მორჩილად თავის ქნევა, როდესაც ღვაწლმოსილი პედაგოგი ან დამსახურებული არტისტი „სავოკურ" ბოდვებს ავრცელებს. დღეს საკუთარი კომფორტისა და კონფორმიზმის მეათედის დათმობამ, შესაძლოა, ხვალ ორჯერ მეტი კომფორტი მოგვიტანოს, ან, სხვა თუ არაფერი, სინდისის სილაღე მაინც.

სიმართლე, რომელიც უნდა დავიცვათ, მარტივია: თითქმის ყოველთვის იმის დიამეტრულად საპირისპიროა, რასაც „რუსეთუმე" პროპაგანდისტები ამბობენ. ამბობენ, რომ ქართული ენა უკეთ იყო დაცული საბჭოთა კავშირის დროს, ახლა კი ინგლისურით ანაცვლებენ? სიმართლე ისაა, რომ საბჭოთა კავშირის დროს ქართველების დიდი ნაწილი, ისევე როგორც ყველა ეთნიკური უმცირესობა, რუსულ სკოლებში სწავლობდა. ახლა საქართველოში სკოლების აბსოლუტური უმრავლესობა ქართულენოვანია და უმცირესობების დიდი ნაწილიც, ათწლეულებში პირველად, ქართულს ეუფლება. ამბობენ, რომ რუსეთმა შეგვინარჩუნა სახელმწიფოებრიობა? სიმართლეა, რომ რუსეთთან მიერთებამდე ქართული სახელმწიფოებრიობა, ავად თუ კარგად, არსებობდა. ქვეყანას ბაგრატიონები მართავდნენ, აღმოსავლეთ საქართველო კი დღევანდელზე დიდი იყო. ამბობენ, რომ რუსეთშია ჩვენი სულიერების გასაღები და ეკლესიის გადარჩენა? სიმართლეა, რომ რუსეთმა წაგვართვა დამოუკიდებელი ეკლესია – რაც ვერ გააკეთა ვერც თურქეთმა და ვერც ირანმა – გადაღება ტაძრები, სამღვდელოება დახოცა და ბოლოს კაგებეს კონტროლქვეშ „აღადგინა". „ენა, მამული, სარწმუნოება" გავიარეთ. ამბობენ, რომ საქართველომ უმოწყალოდ დაბომბა მძინარე ცხინვალი? სიმართლეა, რომ ცხინვალს უმოწყალოდ ბომბავდა რუსული ავიაცია, მას შემდეგ რაც ქალაქი მცირე დანაკარგებით დაიკავეს ქართველებმა.

იგივე მდგომარეობაა უშუალოდ ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართულებითაც: როდის ვრცელდება ისტერიული, თითიდან გამოწოვილი ცნობები, თითქოს აშშ-ში პედოფილია „ნორმად აღიარეს". სწორედ მაშინ, როდესაც ხდება სრულიად საპირისპირო: აშშ-ში ტარდება ფართომასშტაბიანი ოპერაცია პედოფილიის წინააღმდეგ, ხოლო რუსეთში ანდრეი კურაევი ამხელს ეკლესიის წიაღში მყოფ დაუსჯელ პედოფილებს. რა არის სიმართლე იმ ზოგადი წარმოდგენის მიღმა, თითქოს დასავლეთი მოიცვა პედოფილიამ და ინცესტმა? ის, რომ სწორედ თანამედროვე დასავლურმა სამართლებრივმა სახელმწიფოებმა – პირველებმა კაცობრიობის ისტორიაში – მოინდომეს და მოახერხეს ამ პრობლემებთან რეალურად გამკლავება. პედოფილია, არასრულწლოვანთა გათხოვება და ბავშვთა პროსტიტუცია, რომელიც რეალურად, კანონით ისჯება დასავლეთში, სხვაგან – ირანში, აფრიკაში თუ დსთ-ში – დღემდე ყოველდღიურობის ნაწილია. ირანში ჩვეულებრივი პრაქტიკაა 10-12 წლის გოგონების გათხოვება, რაც ხშირად ფატალურად სრულდება. მაგრამ ირანს ხომ ვერანაირად ვერ დააკავშირებ დასავლეთთან და ოერტეც რატომ შეწუხდება?

როდის ვრცელდება ცნობები, თითქოს ევროკავშირი არ უტოვებს წევრ ქვეყნებს არჩევანს და ყველას აიძულებს ჰომოსექსუალური ქორწინების აღიარებას? სწორედ მაშინ, როდესაც ხორვატიაში რეფერენდუმით უარყოფენ საკუთარი ხელისუფლების ინიციატივას გეი-ქორწინების აღიარების შესახებ, ხოლო პოლონეთს კონსტიტუციაში აქვს განსაზღვრული, რომ ქორწინება ქალსა და კაცს შორისაა. ეჭვგარეშეა: თუ რუსეთის იმპერიულ მიზნებს დასჭირდა, პუტინი პირველი აღიარებს გეი-ქორწინებას ისე, რომ აღმოსავლეთი და დასავლეთი ევროპა გაკვირვებასაც ვერ მოასწრებს. იმპერიული მიზნებია კრემლის პოლიტიკის ძირითადი განმსაზღვრელი – რასაც ხშირად არც მალავენ – და არა რაიმე ზოგადსაკაცობრიო ფასეულობები. რუსეთის ისტორიული ძლიერება სწორედ იმაშია, რომ მისთვის ყველა სხვა ფასეულობა, რბილად რომ ვთქვათ, პირობითია: თუ საქმეს დასჭირდა, ათი მილიონი კაცის დაღუპვაც ეროვნულ წარმატებად გასაღდება. ევროპა კი მანამ არის ევროპა, სანამ იქ ნებისმიერ საკითხზე, ავად თუ კარგად, საზოგადოება მსჯელობს და მსჯელობის ამოსავალი წერტილი ადამიანური ღირებულებებია.

ცხადია, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ევროპაში პედოფილიის პრობლემა ერთ დღეს საერთოდ აღარ იარსებებს. ან რომ დასავლეთს არ აქვს თავისი იდეოლოგიური გამოწვევები. პირიქით: არასრულყოფილება ადამიანური ბუნების, რეალობის ნაწილია. აუცილებლად სკეპტიკურად უნდა მივუდგეთ საკუთარ წარსულსაც, აწმყოსაც და კონკრეტულ მომენტში დასავლეთში გავრცელებულ წარმოდგენებსა და მიდგომებსაც. უნდა შევეგუოთ იმასაც, რომ ჩვენ მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება არ იქნება იდეალური. მაგრამ სკეპტიკურად რომ ვუყუროთ და კარგიც და ცუდიც დავინახოთ, თვალები უნდა გვქონდეს და არა კაგებეს სარკული სათვალეები. მადლობა ღმერთს, ჩვენ ამ სათვალეების მოხსნა მაინც შეგვიძლია, შიმშილსა და სიცივეში მცხოვრები ჩრდილოკორეელებისგან განსხვავებით, რომლებსაც უყვებიან, თუ როგორ ჭამენ თოვლს საკვების გარეშე დარჩენილი ამერიკელები.

 

კომენტარები