ევროკავშირ-უკრაინის ურთიერთობა

ევროკავშირი მზადაა, უკრაინას 20 მილიარდი ევრო გამოუყოს

ევროკავშირი უკრაინას 20 მილიარდ ევროს გამოუყოფს, რათა ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის შესაფერისი გარემო შეიქმნას და უკრაინა მოემზადოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოსაწერად. ამის შესახებ უკრაინული ტელეარხ ТСН-ის ეთერში ევროპის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა ელმარ ბროკმა განაცხადა.

ფინანსურ დახმარებას უკრაინა გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ მიიღებს. ელმარ ბროკის თქმით, 20 მილიარდი ევრო საკმარისი იქნება მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების დასაწყებად.

"უკრაინელებს არ უნდა ეშინოდეთ, რომ ისინი დეფოლტის წინაშე პირისპირ, მარტო აღმოჩნდებიან", - თქვა ელმარ ბროკმა.

სააგენტო Unian-ის ცნობით, უკრაინის ფინანსური კრიზისიდან გამოსავალზე ისაუბრეს ტელეფონით აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჯეიკობ ლიუმ და ფრაქცია Батькивщина-ს ლიდერმა არსენი იაცენიუკმა. ჯეიკობ ლიუმ იაცენიუკს უთხრა, რომ ახალი მთავრობის ფორმირებისთანავე უკრაინამ ფინანსური დახმარების მისაღებად უნდა მიმართოს საერთაშორისო სავალუტო ფონდს, რის შემდეგაც ფონდი იმსჯელებს ფინანსური დახმარების გამოყოფაზე.

უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ალექსანდრ ტურჩინოვის თქმით, უკრაინის ხაზინა ცარიელია და ქვეყანა დეფოლტის პირას იმყოფება, ახალი ხელისუფლების მთავარი ამოცანა კი ქვეყნის ეკონომიკური კატასტროფიდან გამოყვანა და ევროპასთან ინტეგრაცია იქნება.

კომენტარები