არეულობა უკრაინაში

უკრაინაში მსხვერპლის რაოდენობა 28-მდე გაიზარდა

კიევის ცენტრი. 20.02.2014
Reuters

20 თებერვლის დილის მონაცემებით, უკრაინაში ბოლო დღეების არეულობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 28-ს მიაღწია. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ჰოსპიტალიზებულია 445 ადამიანი, მათ შორის - 88 სამართალდამცავი, 4 ბავშვი და უცხოეთის 2 მოქალაქე.

გასულმა ღამემ წინა დღეებთან შედარებით უკრაინაში მშვიდად ჩაიარა. ოპოზიციისა და უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა რეალური შედეგის გარეშე დასრულდა. მხარეები მხოლოდ დაპირისპირების დროებით შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. მიუხედავად ამისა, მაიდანი გასული ღამის განმავლობაშიც ცეცხლის ალში იყო გახვეული. ოპოზიციონერი აქტივისტები საბურავებისა და სხვადასხვა ნივთების დაწვას ახლაც აგრძელებენ, რათა თავი დაიცვან სპეცრაზმის მოსალოდნელი შემოტევისგან.

დღეს საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები კიევს ეწვევიან და შეხვედრას გამართავენ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებთან. შეხვედრების შემდეგ მინისტრები ბრიუსელში დაბრუნდებიან და ევროკავშირის სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად უკრაინაში შექმნილი კრიზისიდან შესაძლო გამოსავალს განიხილავენ, მათ შორის, ძალადობაზე პასუხისმგებელი პირებისთვის ფინანსური და სავიზო სანქციების დაკისრებაზე.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს 19 თებერვალს მექსიკაში ვიზიტით მყოფი აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა გამოეხმაურა.

"უკრაინის მთავრობა ვალდებულია, რომ იზრუნოს მშვიდობიანი მოსახლეობის სათანადოდ მოპყრობაზე, რათა უკრაინელმა ხალხმა საკუთარი აზრის თავისუფლად, შიშის გარეშე გამოხატვა შეძლოს. მიმაჩნია, რომ ჯერ კიდევ არის გზა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა.

ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ მშვიდობიანი პროტესტი მშვიდობიანად წარიმართება და ამ პროცესს ახლოდან დავაკვირდებით. ინ შემთხვევაში თუ ხალხი ზღვარს გადავა, ამას ჩვენი და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რეაგირება მოჰყვება. იგივე ეხება უკრაინულ ჯარსაც, რათა ისინი არ ჩაერიონ ისეთი პრობლემების გადაჭრაში, რომელიც მოქალაქეების მიერ შეიძლება გადაწყდეს", - განაცხადა ობამამ.

უკრაინაში არსებული სიტუაცია შეაფასა დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ. მისი თქმით, ამერიკა ევროპელ პარტნიორებთან ერთად, უკრაინის ხელისუფლებისათვის სანქციების დაწესებას გეგმავს.

კომენტარები