არეულობა უკრაინაში

ხიდაშელი: ქართველები უკრაინელებზე მაგრები აღმოვჩნდით

ქართველები უფრო მაგრები აღმოვჩნდით ვიდრე უკრაინელები, უკრაინელებზე უფრო ადვილად გავუსწორდით საკუთარ მოძალადე ხელისუფლებას - ამის შესახებ თინა ხიდაშელმა ტაბულას ეთერში, გადაცემაში ფოკუსი განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებით უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და საქართველოს უახლოეს წარსულში სხვადასხვა დროს აქციების დაშლას შორის პარალელის გავლება თავისუფლად შეიძლება.

”როდესაც ხელისუფლება მიდის საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, მერე ის აუცილებლად ცუდად ამთავრებს. ეს არის ძალიან ლოგიკური, გარდაუვალი, ბუნებრივი პროცესი. დემოკრატიულად არჩეულნი ხელისუფალნი საკუთარ მოსახლეობაზე არ ძალადობენ. საკუთარ მოსახლეობას ჯარით, სპეცნაზებით, შეიარაღებული ტექნიკური საშუალებებით არ ელაპარაკებიან. როგორც კი ასე იწყებენ ლაპარაკს, როგორც კი საკუთარი ძალაუფლების დაცვისთვის აბსოლუტურად ყველაფერზე მიდიან მერე ისინი მაგალითად როგორც სააკაშვილი, რომელიც ქვეყანაში ვეღარ ჩამოდის, რჩებიან გარეთ”- განაცხადა ხიდაშელმა.

ხიდაშელის თქმით უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში რუსეთის წვლილიც ურევია, თუმცა ის თითქმის გამორიცხავს იმის ალბათობას, რომ უკრაინის მსგავსი სცენარი საქართველოშიც განვითარდეს.

”საქართველოში არ ველოდები მსგავს გართულებებს რაც უკრაინაში მოხდა, რადგან საქართველოს დღეს ყავს ხელისუფლება, რომელიც მოქალაქეების მყარი არჩევანის საფუძველზე მოვიდა მთავრობაში. ამიტომ ჩვენს ქვეყანაში რაიმე მსგავსი ტიპის გართულებები არის შეუძლებელი და აბსოლუტურად არ არის მოსალოდნელი” - განაცხადა ხიდაშელმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის აზრით საქართველოს მოსახლეობა უკრაინელებზე ძლიერი აღმოჩნდა, რადგან საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან სანქციების არდაკისრების მიუხედავად, უფრო ადვილად გაუსწორდა მოძალადე ხელისუფლებას.

”საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციის გარეშე გაისტუმრა საქართველოს მოსახლეობამ ნაციონალური მოძრაობა, ასე რომ ჩვენ უფრო მაგრები აღმოვჩნდით ვიდრე უკრაინელები, უკრაინელებზე უფრო ადვილად გავუსწორდით საკუთარ მოძალადე ხელისუფლებას.” - განაცხადა ხიდაშელმა. 

კომენტარები