არეულობა უკრაინაში

უკრაინაში დემონსტრანტებმა ზაკარპატიეს საოლქო ადმინისტრაციული შენობა აიღეს

unian.net

უკრაინაში დემონსტრანტებმა ზაკარპატიეს საოლქო ადმინისტრაციული შენობა შტურმით აიღეს - ამის შესახებ ინფორმაციას Закарпаття онлайн ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დემონსტრანტებმა კარი შეანგრიეს და ბარიკადები გაარღვიეს, სამართალდამცველებმა კი შენობა დატოვეს.

მასობრივი არეულობა კიევში 18 თებერვლის დილას მაშინ დაიწყო, როცა უკრაინის პარლამენტმა ოპოზიციას უარი უთხრა საკონსტიტუციო ცვლილებათა საკანონმდებლო პაკეტის რეგისტრაციასა და ყოველგვარ განხილვაზე, რის შემდეგაც რადას ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაიკავეს სასესიო დარბაზის ტრიბუნა და მოახდინეს მისი ბლოკირება. ამის პარალელურად, ევრომაიდნის აქტივისტები დაიძრნენ რადას შენობისკენ საპროტესტო აქციის გასამართად. მათ გზა ბერკუტმა გადაუღობა. ოპოზიციონერი აქტივისტები სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს, ქვებსა და სხვადასხვა საგნებს ესროდნენ, საპასუხოდ სპეცრაზმმა გამოიყენა რეზინის ტყვიები, ხმოვანი ყუმბარები და ცრემლსადენი გაზი.

სამართალდამცავებისა და ოპოზიციონერების ინფორმაციით, დაღუპულთა ნაწილს ცეცხლნასროლი ჭრილობები აქვს. დაღუპულებს შორის ჟურნალისტის გარდა, 1 საქართველოს მოქალაქეა, ასევე დაღუპულია 9 პოლიციელი, ხოლო დაშავებულია რამდენიმე ათეული. ბოლო ორი დღის განმავლობაში კიევში ასევე დაშავდა რამდენიმე ასეული ოპოზიციონერი აქტივისტი.

უკრაინის დედაქალაქში 19 თებერვალი უქმე დღედ გამოცხადდა, არ მუშაობს მეტრო.

უკრაინაში საპროტესტო აქციები 2013 წლის ნოემბერში მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინამ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე რუსეთის ზეწოლის შედეგად უარი თქვა.

 

კომენტარები