ღარიბაშვილის გამოსვლა

პრემიერი: მთავრობა ხელს შეუწყობს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას

ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ორგანიზებულ პოლიტიკურ ფორუმს დაესწრო. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ფორუმში, სახელწოდებით - ეკონომიკური ზრდის გამოწვევები საქართველოსთვის, განიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ქვეყნის განვითარების პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები.

"ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია ეკონომიკური აღმავლობის მიღწევა. წინა ხელისუფლებას გამოცხადებული ჰქონდა ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, თუმცა, სინამდვილეში ეს ასე არ იყო. ხელისუფლება უხეშად ერეოდა ბიზნესის საქმიანობაში, რამაც თავისი უარყოფითი შედეგები გამოიღო. მათ თავი მოსწონდათ იმ ციფრებით, რომლებიც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების ზრდას გამოხატავდა, რეალურად კი, სურათი სულ სხვაგვარი იყო - ეკონომიკური ზრდა არ აისახებოდა საქართველოს მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. სწორედ ამიტომ, ჩვენი ხელისუფლების მთავარი გამოწვევა დღეს ეს არის - ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა რეალურად შეეხოს თითოეულ ადამიანს, თითოეულ ოჯახს. ჩვენი ხელისუფლების ამოცანაა საქართველოში შექმნას ბიზნესის წარმოების ისეთი გარემო, როდესაც ყველა მეწარმე ბიზნესის წარმოების ერთნაირ წესებს დაემორჩილება. წინა წლებში განხორციელებული რეფორმების შედეგად გაუქმდა ზოგიერთი რეგულაცია ან მარეგულირებელი ინსტიტუტი, რომელიც წარმოუდგენელია არსებობდეს ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ქვეყანაში, რისი ამბიციაც საქართველოს აქვს", - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერმინისტრმა.

მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობა ხელს შეუწყობს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას. ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ადგილობრივმა ბიზნესმა უნდა დაასაქმოს ადამიანები.

"იმისათვის, რომ ეკონომიკური ზრდის ეფექტი იგრძნოს მოსახლეობამ, მხოლოდ სოციალური დახმარების პროგრამები არ არის საკმარისი. უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, რათა ადამიანების კეთილდღეობა გაიზარდოს მათივე შრომის ანაზღაურებით და ქვეყანაში დოვლათის შექმნით. შრომის ბაზარზე პრობლემას წარმოადგენს მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არსებული დისბალანსი. ადამიანებს განათლება აქვთ იმ სფეროებში, რომლებზეც შრომის ბაზარზე მოთხოვნა ნაკლებია. ამავე დროს, არასაკმარისია სათანადო პროფესიული განათლების მქონე სამუშაო ძალა იმ ადგილების შესავსებად, რომლებსაც პროფესიული კვალიფიკაცია სჭირდება", - განაცხადა პრემიერმა. 

კომენტარები