ერთიანი ეროვნული გამოცდები

მიმინოშვილი: უმაღლესებმა მეტი სტუდენტის მისაღებად ფაკულტეტები დაამატეს

მაია მიმინოშვილი
ირაკლი ბლუიშვილი

ერთიან ეროვნულ გამოცდებში აბიტურიენტების რეგისტრაცია 20 თებერვალს დაიწყება და 21 მარტს დასრულდება. როგორც ბათუმის შერატონში ჟურნალისტებისთვის გამართულ სემინარზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღანელმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა, წელს უმაღლეს სასწავლებლებს აბიტურიენტების მისაღებად კონკურსი 45 ათასზე მეტ ადგილზე აქვთ გამოცხადებული. მისივე თქმით, ერთიანი ეროვნული გამოცდები, სავარაუდოდ, ივნისის ბოლო კვირაში დაიწყება.

"უმაღლესი სასწავლებლები უკიდურესად დაინტერესებული არიან, რაც შეიძლება მეტი საკონკურსო ადგილი ჰქონდეთ. ამის გამო, ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებლებში ისეთი ფაკულტეტებიც იხსნება, რომელთა კურსდამთავრებულებს მომავალი არ აქვს და პროფესიას ვერ გამოიყენებენ" - თქვა მიმინოშვილმა ინტერპრესნიუსის ცნობით.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმითვე, 2014 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გარკვეული სიახლეები იქნება. მაია მიმინოშვილმა აღნიშნა, რომ 2014 წელს უცხოური ენის გამოცდას დაემატება მოსმენის ტესტი. მან აღნიშნა, რომ აქამდე აბიტურიენტი ფასდებოდა ორ კომპეტენციაში, ეს იყო წერა და კითხვა. აბიტურიენტს 20 პროცენტზე მეტი უნდა დაეგროვებინა გადასალახავი ბარიერისათვის, ამჟამად, 8 ქულა მოსმენის ტესტს დაეთმობა. მის შესრულებას აბიტურიენტი დაახლოებით 10-12 წუთს მოანდომებს, მოსმენის ტესტის შევსების შემდეგ იგი გააგრძელებს უცხო ენის ტესტით გათვალისწინებულ სხვა საკითხების შევსებას.

მაია მიმინოშვილმა აღნიშნა, რომ ყველა სკოლას დაურიგდა სავარჯიშო ტესტური დავალებები, რომლის ანალოგიც იქნება სწორედ უცხო ენის გამოცდაზე.

შემდეგი სიახლე ის არის, რომ 2014 წლიდან აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ არჩევით საგნად სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ჩააბარონ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დასძინა, რომ არჩევითი საგნების ნუსხას სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების საგნის დამატება ძალიან მნიშვნელოვანია და 2014 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 8 საგანი იქნება.

მისივე თქმით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზღვარის გადალახვის ახალი მიდგომის პროექტი შემუშავდა. ამ პროექტის მიხედვით, აბიტურიენტთა გამოვლენა, რომელთაც ზღვარი გადალახეს, სხვადასხვა ვარიანტში მიღებული ქულების გაიგივების შემდეგ მოხდება. ამ ცვლილების შედეგად, ზღვარის გადალახვის შანსს ინარჩუნებენ ის აბიტურიენტები, რომელთაც შედარებით რთული ვარიანტი წერეს, ვერ გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ ზღვართან მიახლოებული ქულა მიიღეს.

ზოგადი უნარების გამოცდაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გაიზარდა 20 ქულიდან 23 ქულამდე. აბიტურიენტმა უნდა მიიღოს 24 ქულა მაინც, რომ უპირობოდ გააგრძელოს კონკურსში მონაწილეობა, თუმცა ცვლილების გათვალისწინებით, ზღვარის გადალახვის შანსს ინარჩუნებს ის აბიტურიენტიც, რომელმაც შედარებით რთული ვარიანტი დაწერა, თუმცა შედარებით ნაკლები ქულა მიიღო.

კომენტარები