ქართული ოცნება

ქართული ოცნება ადგილობრივი არჩევნებისთვის ემზადება

ქართული ოცნების შტაბში კოალიცია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომა დაიწყო, რომელსაც საქართველოს პრემიერმინისტრი  ირაკლი ღარიბაშვილი თავმჯდომარეობს.

როგორც სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა  დავით ბერძენიშვილმა განუცხადა, სხდომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამზადისთან დაკავშირებულ საკითებს განიხილავენ. თუმცა, კონკრეტული გადაწყვეტილებები დღეს მიღებული არ იქნება.

"ვისაუბრებთ მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე. ასევე, დავიწყებთ საუბარს თვითმმართველობის არჩევნების მზადებასთან დაკავშირებით. რაღაც კონტურები გამოჩნდება, რა პრინციპზე უნდა ავაწყოთ საარჩევნო შტაბები. ბუნებრივია, დღეს რაიმე გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება, თუმცა, დაიწყება მსჯელობა საარჩევნო შტაბზე, ადმინისტრაციაზე, ურთიერთობების ფორმებზე და ა.შ", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა. 

მისივე განმარტებით, კოალიცია არჩევნებზე სოლიდურად იქნება წარმოდგენილი. 

"კოალიციაში არის კომფორტული გარემო. ექვსივე პარტიას აქვს შესაძლებლობა საკუთარი ინტერესები დაიცვას და ამასთანავე, კოალიციის ინტერესები იყოს დაცული. მერობის, გამგებლობის უამრავი კანდიდატის, ასევე საკრებულოს შემადგენლობის განხილვა მოხდება, თუმცა არა დღეს, არამედ ზოგადად ამ პროცესში. კოალიცია არჩევნებზე სოლიდურად იქნება წარმოდგენილი და ბუნებრივია, ყველგან ველით დამაჯერებელ გამარჯვებას. ჩვენ ამის ყველანაირი საფუძველი გვაქვს", - განაცხადა ბერძენიშვილმა. 

კომენტარები