"საშიშია მაღალი ტრიბუნიდან მოწოდება, რომ არაფერი ცუდი ეკლესიის კრიტიკაში არ არის" - ამბობს წმინდა სინოდის წევრი, მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებაზე, რომ საზოგადოება არ უნდა შეუშინდეს ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე საუბარს. "ყოფილი პრემიერი თუ არაჯანსაღად შეეხო ეკლესიას მისთვის იქნება ყველაზე ცუდი. პატრიარქსა და ეკლესიაზე ასე პირდაპირ სააკაშვილსაც არ მიუტანია იერიში" - ასეთი აზრისაა დეკანოზი თეოდორე გიგნაძე და ბიძინა ივანიშვილის სიტყვებში არაჯანსაღ მომენტს ხედავს - ის მიიჩნევს, რომ ივანიშვილი თავს ეკლესიაზე მაღლა აყენებს. "თავად ვერ იღებ კრიტიკას ვინც სიმართლეს გეუბნება, შენ პატრიარქი როგორ უნდა აკრიტიკო?" - მიმართავს დიაკონი ელიზბარი ყოფილ პრემიერს და მის ბიზნესცენტრთან ასეულობით ათასი ადამიანის პროტესტს წინასწარმეტყველებს. რატომ აღიქვამენ სასულიერო პირები ასე მტკივნეულად ივანიშვილის მოსაზრებას, რატომ შეიკავა თავი პატრიარქმა პასუხისაგან, რამდენად სამართლიანია ივანიშვილი ეკლესიასთან მიმართებით. ამ თემაზე - გადაცემის პირველ ნაწილში.
საქართველოში შესაძლოა გენმოდიფიცირებული პროდუქტის წარმოება აიკრძალოს. რა არის გენმოდიფიცირებული პროდუქტი, როდიდან იწყება გენმოდიფიკაციის ისტორია, არის თუ არა გენმოდიფიცირებული საკვები ჯანმრთელობისთვის ისეთი საშიში, როგორადაც ხშირად წარმოგვიდგენენ, რა დარტყმას მიაყენებს მსგავსი კანონპროექტის მიღება ქვეყნის ეკონომიკას და მომხმარებელს, ამ კითხვებზე პასუხის გაცემას გადაცემის მეორე ნაწილში შევეცდებით. გავიგებთ იმასაც, რას ფიქრობენ ჩვენი თანამოქალაქეები მთავრობის ინიციატივაზე და აქვთ თუ არა მათ ადეკვატური ინფორმაცია გენმოდიფიცირებული საკვების მიღებასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე.




