მიტროპოლიტი სერაფიმე: ეკლესიის კრიტიკისკენ მოწოდება ანტისახელმწიფოებრივია

ეს არასწორი და არასახელმწიფოებრივი მიდგომაა, ვინაიდან ეროვნულ სახელმწიფოში ამის უფლებას საკუთარ თავს არ აძლევენ. მაგალითად, გსმენიათ ჩვენს მეზობელ თურქეთში ან აზერბაიჯანში, სადაც თავის ეროვნულობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, მსგავსი რამ ეთქვათ? სადმე გსმენიათ, სახელმწიფომ მოუწოდოს საზოგადოებას, აკრიტიკოს ქვეყნის წამყვანი რელიგიური ინსტიტუტი? ერთი მხრივ, თითქოს კრიტიკაში ცუდი არაფერია, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ზოგიერთი ამას მიიღებს ისე, რომ, უბრალოდ, კი არ გააკრიტიკოს, არამედ უნდა შეებრძოლოს ეკლესიას. ვფიქრობ, ის ადამიანები, რომლებიც მიჩვეულები არიან კატეგორიული და განკითხვის ტონით საუბარს, რომლებისთვისაც დამახასიათებელია თავშეუკავებლობა და უკმეხი საუბარი, შესაძლოა, ამ განცხადებას მიიღებენ, როგორც გარკვეულ ნებართვას, ვინაიდან ერთია კრიტიკა და მეორეა ლანძღვა. ყველაფერს თავისი ფორმა და კულტურა გააჩნია, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან თამამად შეუძლიათ განიკითხონ და უშვერი სიტყვებით გალანძღონ ეკლესია, თვით მაღალი იერარქებიც კი. ამიტომ ამ საზოგადოებაში იმის თქმა, რომ ეკლესიის კრიტიკაში ცუდი არაფერია, არასწორია, ვინაიდან გვახსოვს ცოტა ხნისწინანდელი მოწოდებები ჩარეცხილების, სულის ამოხდის შესახებ და ა.შ. ვფიქრობ, საშიშია, როდესაც მაღალი ტრიბუნიდან ხდება მოწოდება, რომ არაფერი ცუდი ეკლესიის კრიტიკაში არ არის. ვშიშობ, რომ კრიტიკის მაგივრად, ჩვენ თავდასხმას, ლანძღვას და დაპირისპირებას მივიღებთ. ჯერ თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარი ცოდვების განკურნებით უნდა დავიწყოთ. პრობლემების არსებობა არ ნიშნავს, რომ ეკლესიას ომი უნდა გამოუცხადო. თუ რაიმე დარღვევა ხდება, ყველაფერს თავისი ფორმა და წესი აქვს. ნებისმიერი ასეთი პრობლემა განიხილება ეკლესიაში და გადაჭრის გზებიც მოიძებნება. ღია წერილები, ხმამაღალი განცხადებები მიუღებელია. როდესაც საუბარია ეკლესიის პრობლემებზე, ეკლესია ცოცხალი ორგანიზმია და, ბუნებრივია, შეცდომებიც ხდება, მაგრამ, როდესაც ხაზგასმით ხდება აღიარება მხოლოდ ცუდის, პრობლემების, როდესაც თავს ესხმიან ეკლესიას, რატომ არიან უმადურები და რატომ არ იხსენებენ იმ უამრავ სიკეთეს, რომლებიც ეკლესიას გაუკეთებია? ისინი მხოლოდ განიკითხავენ ეკლესიას

უპასუხა ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა სერაფიმე ჯოჯუამ ”საქართველოსა და მსოფლიოს” - ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე.

კომენტარები