ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ოტიაშვილი და შპს "ბასა + 2008"-ის დირექტორი გიორგი ბასაძიშვილი დააკავა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ზურაბ ოტიაშვილი თაღლითობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების ბრალდებით აიყვანეს, ხოლო გიორგი ბასაძიშვილი თაღლითობისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე.

გამოძიების ვერსიით, ზურაბ ოტიაშვილმა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში გადაწყვიტა, შენიღბული ფორმით, ფიქტიური აუქციონის ჩატარების მეშვეობით რეალურ ღირებულებაზე გაცილებით ნაკლები თანხის გადახდით თაღლითურად დაუფლებოდა სახელმწიფოს კუთვნილ ქ. დუშეთში მდებარე 920.8 კვ.მ ფართობის მქონე შენობა-ნაგებობასა და 839 კვ. მ ფართობის მქონე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს.

"2009 წლის 12 აგვიტოს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლმა ზურაბ ოტიაშვილმა ზემოთ მითითებული 70 821 ლარად ღირებული უძრავი ქონება ფიქტიურად მოწყობილ აუქციონზე შეიძინა 10 000 ლარად და შესანიღბად, გააფორმა თავის მეგობარზე. გარდა ამისა, ზურაბ ოტიაშვილი მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტი "ყაზბეგი"-ს უფროსის თანამდებობაზე და მის უფლებამოსილებაში შედიოდა საბაჟო გამშვებ პუნქტზე "ყაზბეგი" ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით გამავალ ტვირთებზე კონტროლი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი არ ყოფილა რაიმე სახის შეზღუდვები თურქეთიდან ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით ტექსტილის ტვირთის მოძრაობაზე სგპ "ყაზბეგ"-ის გავლით, ზურაბ ოტიაშვილმა გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და მისი დავალებით საბაჟო დეპარტამენტის სხვა თანამშრომლები არ ატარებდნენ თურქეთიდან სგპ "ყაზბეგი"-ს მიმართულებით ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით გადაადგილებულ ტექსტილის ნაწარმს, რითაც არსებითად ირღვეოდა მათი უფლებები", - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიების მტკიცებითვე, ზურაბ ოტიაშვილმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, კანონის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის დავით ბიგვავასგან საჩუქრად მიიღო მისი შვილის ავთანდილ ბიგვავას სახელზე რეგისტრირებული 24 950 (ოცდაოთხი ათას ცხრაას ორმოცდაათი) ლარად ღირებული დუშეთის რაიონის სოფელ ჩანადირებში მდებარე 2 399 კვ.მ ფართობის მქონე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

"ზურაბ ოტიაშვილის მითითებით, მის მძღოლთან ბადრი ყარსიმაშვილთან გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში 2009 წლის 3 ივლისს ბადრი ყარსიმაშვილს სახელზე დარეგისტრირდა აღნიშნული მიწის ნაკვეთი. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ზურაბ ოტიაშვილმა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე ყოფნისას 2008 -2009 წლებში დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელით გაუფორმა ხელშეკრულებები სახელმწიფო შესყიდვის შესახებ თავისი ცოლის ძმის გიორგი ბასაძიშვილის ფირმას - შპს "ბასა + 2008"-ს. ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას, გიორგი ბასაძიშვილი ყალბი დოკუმეტების საფუძველზე თაღლითურად დაეუფლა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ დიდი ოდენობით ფულად თანხებს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე, 340-ე, 180-ე და 210-ე მუხლებით", - აცხადებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

ცნობისთვის, ზურაბ ოტიაშვილის დაკავებას გუშინვე გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. მათი განცხადებით, პარტიის მიმართ რეპრესიების კიდევ ერთი ეტაპი დაიწყო. ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, დუშეთის ნაციონალური მოძრაობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ზურაბ ოტიაშვილის დაკავება ადასტურებს, რომ ხელისუფლებას თვითმმართველობის არჩევნების წინ სურს, ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალა გაანადგუროს ან დაასუსტოს.

"როგორც ჩანს, პროკურატურამ პირდაპირ დავალებად მიიღო ქვეყნის დე ფაქტო ხელმძღვანელის ბიძინა ივანიშვილის და ფორმალური ხელმძღვანელის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები. შეგახსენებთ, რომ მათ კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ არ აღიარებენ ნაციონალურ მოძრაობას, როგორც მთავარ ოპოზიციურ ძალას, რითაც უარყოფენ საზოგადოების მიერ არჩევნებზე გამოხატულ ხალხის ნებას და დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს. მათ ფატობრივად კიდევ ერთხელ განაცხადეს საჯაროდ, რომ უნდა გაგრძელდეს ნაციონალური მოძრაობის განადგურების მცდელობა. ზურაბ ოტიაშვილი ახლახან აირჩიეს დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ. როგორც ჩვენთვის დღეს გახდა ცნობილი, ზურაბ ოტიაშვილმა 2 დღის წინ გაფრთხილება მიიღო საქართველოს პარლამენტის წევრის, რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართელობის კომიტეტის თავმჯდომარის ერეკლე ტრიპოლსკისგან, რომლის შინაარსიც იყო მარტივი: თუ ის არ დაანებებდა თავს პარტიულ აქტიურობას, მას დააკავებდნენ. საინტერესო ფაქტია, რომ ზურაბ ოტიაშვილი არის ძებნილი რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ აბსურდული ბრალდებებით. აღსანიშნავია, რომ ნაციონალური მოძრაობა მომდევნო ორი თვის განმავლობაში ატარებს ქვეყნის მასშტაბის პრაიმერის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატების გამოსავლენად და სწორედ ზემოთ დასახელებული დაკავებული პირები წარმოადგენდნენ პრაიმერიში მონაწილე შესაძლო კანდიდატებს. ყოველივე ზემოთ აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლებას თვითმმართველობის არჩევნების წინ სურს გაანადგუროს ან დაასუსტოს ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალა და ამისათვის ყველანაირ ბინძურ მეთოდს იყენებს", - წერია ნაციონალური მოძრაობის განცხადებაში.

კომენტარები