საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ბრალდებით 1963 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე ბესიკ ხ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბესიკ ხ. გამოგონილი სახელითა და გვარით კერძო კომერციული სტრუქტურების ხელმძღვანელებს და ბიზნესმენებს უკავშირდებოდა, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი და სამსახურებრივი მფარველობის გაწევის სანაცვლოდ მათ გარკვეული თანხების გადახდას სთხოვდა.
შსს-ს ცნობით, გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბესიკ ხ. მიმდინარე წლის 5 თებერვალს ვისოლ ჯგუფის ხელმძღვანელებს დაუკავშირდა და თანხის თაღლითურად მითვისების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს სახელით, 2500 ლარის გადახდა მოსთხოვა. ბესიკ ხ-მ გზავნილის სახით ჩარიცხული თანხა ლიბერთი ბანკის ონის ფილიალიდან 2014 წლის 6 თებერვალს გამოიტანა.
შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბესიკ ხ. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად იმავე დღეს დააკავეს. გამოძიება თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





