ვანო მერაბიშვილის საქმე

26 მაისის პროცესზე მოწმეები დაიკითხნენ

თბილსის საქალაქო სასამართლოში 26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილის პროცესი გაიმართა. დღევანდელ პროცესზე სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი 4 მოწმე დაკითხა. მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები არიან, რომლებიც 26 მაისს უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ აქციის დაშლის სპეცოპერაციას. დღევანდელ სხდომაზე განცხადება გააკეთა თავად ვანო მერაბიშვილმა და პროკურატურა მოწმეზე ზეწოლაში დაადანაშაულა.

აქციის დაშლის დეტალები გაიხსენა პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ სვიმონ ქარჩაიძემ. იგი 2011 წლის 26 მაისს სპეციალური დანიშნულების ერთერთ რაზმს ხელმძღვანელობდა, რომელიც მომიტინგეების დაშლაში მონაწილეობდა.
მისი თქმით, მაშინდელმა შინაგანს საქმეთა მინისტრმა თავის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძეს რომ რაც შეიძლება მეტი მომიტინგის დაკავება დაავალა და ასეთი ბრძანება, ქარჩაიძის აზრით, არაკანონიერი იყო.

სახელმწიფო ბრალდება აცხადებს, რომ დღევანდელ სხდომაზე მოწმეებმა მერაბიშვილის ბრალეულობა დაადასტურეს, საპირისპიროს აცხადებს დაცვის მხარე. ადვოკატ ოთარ კახიძის თქმით, უკანონო მითითებები მინისტრის მხრიდან არცერთ მოწმეს არ დაუდასტურებია. პირიქით, მინისტრის ბრძანებით მოხდა გადაიჭრა ტროსები, რომლებიც მომიტინგეებს ადგილის დასატოვებლად გზას უღობავდა და აიკრძალა გაზის გამოყენება. თუმცა, მისი თქმით, სპეცოპერაციის დროს იყო გარკვეული კოორდინაციის პრობლემები პოლიციელებს შორის.

26 მაისის საქმეზე მომდევნო პროცესი 10 თებერვალს გაიმართება და სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა გაგრძელდება. ვანო მერაბიშვილს პროკურატურა 26 მაისის აქციასთან დაკავშირებით დამამძიმებელ გარემოებებში სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.

 

კომენტარები