ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი

საქართველოს პრეზიდენტი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას, მხარეებმა საქართველოსა და ევროსაბჭოს თანამშრომლობა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში შესასრულებელი ამოცანები განიხილეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე და განსახორციელებელ რეფორმებს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ამ მიმართულებით შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებებს.

"მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ახალ კონსტიტუციაზეც, რომლის მიხედვით, სახელმწიფოში ძალთა ბალანსი და ქვეყნის დემოკრატიული განვითარება უზრუნველყოფილი იქნება. ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანი ასევე შეეხო საქართველო-რუსეთის ურთიერთობის, მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიებთან ე.წ. სასაზღვრო ზოლის გაფართოების საკითხს", - აცხადებს მარგველაშვილის პრესსამსახური.

პრეზიდენტის შეფასებით, საქართველო მყარი ნაბიჯებით აგრძელებს სვლას ევროკავშირისკენ, რაც უნდა აისახოს კიდეც ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობაზე.

"ჩემმა მეგობარმა ზურაბ ჟვანიამ ევროპის საბჭოში თქვა ისტორიული ფრაზა: "მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი". ამ გზაზე მოძრაობა კვლავაც გრძელდება. ჩვენ კოლეგებთან ერთად დღეს უკვე იმის თაობაზე ვსაუბრობთ, თუ როგორ უნდა გაღრმავდეს ადამიანის უფლებების დაცვა, როგორ უნდა განხორციელდეს ევროპული რეფორმები და როგორ უნდა ვიმუშაოთ დეტალურად იმისთვის, რომ ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწეროთ ხელი, რათა ჩვენი ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში იყოს კიდევ უფრო ეფექტიანი და აისახებოდეს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაზე", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები