სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა

პრეზიდენტი: სოჭის ოლიმპიადაზე წასვლა პოლიტიკურადაც სწორი გადაწყვეტილებაა

საქართველოს პრეზიდენტი სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე სპორტსმენებს ნინო წიკლაურს (მედროშე), იასონ აბრამაშვილს და ალექსი ბენიაიძეს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილმა მათ წარმატება უსურვა, ხოლო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს ლევან ყიფიანს, ასევე საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს მადლობა გადაუხადა "ღონისძიების სათანადოდ მომზადებისთვის".

პრეზიდენტის განცხადებით, ოლიმპიური თამაშები საქართველოსთვის რთულ ვითარებაში გაიმართება, თუმცა, მისი თქმით, სოჭში წასვლა პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილებაა.

"დღეს ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ სოჭში ასეთი გამორჩეული სპორტსმენები მიდიან და იქ დაიცავენ ჩვენი პატარა, მაგრამ ძალიან ამაყი ქვეყნის სახელს, რომელმაც მსოფლიო რუკაზე ადგილი სწორედ ასეთი სპორტსმენებისა და სხვა უნიჭიერესი ადამიანების დამსახურებით დაიმკვიდრა. საქართველო სოჭში მსოფლიო თანამეგობრობის გვერდით იდგება, იმ ქვეყნების გვერდით, რომლებიც მხარს უჭერენ ჩვენი ტერიტორიის მთლიანობას და ჩვენი ქვეყნის საზღვრების ურყევობას. რუსეთის ფედერაციასთან ჩვენ არ ვრჩებით ერთი-ერთზე, დაპირისპირებულები. მინდა დავარწმუნო ყველა, ვისაც ამ პროცესის პოლიტიზება უნდა - პოლიტიკურადაც, ეს ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა. ჩვენს სპორტსმენებს წარმატებას, ქართული სიამაყისა და განსაკუთრებულობის გატანას ვუსურვებ, რასაც ყოველთვის ვახერხებდით“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და ოლიმპიური დელეგაციის სხვა წევრები ესწრებოდნენ.

კომენტარები