უკრაინა

საკანონმდებლო ცვლილებების შავი ხუთშაბათი უკრაინაში

2013 წლის 21 ნოემბერს, ხუთშაბათს, უკრაინამ ოფიციალურად განაცხადა უარი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაზე. შედეგად, უკვე 2 თვის განმავლობაში, კიევის ევრომაიდანზე, უწყვეტად მიმდინარეობს ევროინტეგრაციის მომხრეთა დემონსტრაციები. 2014 წლის 16 იანვარს, ხუთშაბათს, უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება, რომელთა საშუალებით, ევრომაიდანზე მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, უკრაინის ხელისუფლება აღიჭურვა უფლებამოსილებით, დემონსტრანტებს და ოპოზიციის წარმომადგენლებს უკრაინის კონსტიტუციით გარანტირებული ის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები შეუზღუდოს, რომლებითაც ისინი აქამდე სარგებლობდნენ. ფაქტია, უკრაინის ხელისუფლება, დემონსტრანტებზე განხორციელებული რამდენიმე წარუმატებელი საპოლიციო რეიდის შემდეგ, არა მხოლოდ ცდილობს პროცესებზე ზემოქმედება საკანონმდებლო სივრციდან მოახდინოს და საპროტესტო აქციების ორგანიზატორთა და მონაწილეთა მიმართ დაგეგმილი დევნისა და სხვა უკანონო ქმედებისთვის ნიადაგი მოამზადოს, არამედ, რუსეთის ფედერაციასთან ინტეგრაციის დაჩქარების სურვილით, შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაში, უკრაინა რეფორმებისა და პროგრესის დასავლურ კურსს საბოლოოდ ჩამოაშოროს.

უკრაინის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში არსებული ქაოტური მდგომარეობის მიუხედავად, პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის რეგიონების პარტიის, კომუნისტური პარტიის და რამდენიმე დამოუკიდებელი დეპუტატის მიერ, კენჭი ეყარა კანონებს, რომლებიც აწესებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას არასანქცირებულ შეკრებებზე, ახდენს ცილისწამების კრიმინალიზაციას, ამარტივებს უმაღლესი რადას დეპუტატებისთვის იმუნიტეტის შეჩერების პროცესს, ამკაცრებს სახელმწიფო კონტროლს ინტერნეტზე და სოციალურ მედიაზე და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც არაუკრაინული წყაროებიდან ფინანსდებიან, სპეციალური რეგისტრაციის გავლას ავალდებულებს.

საკანონმდებლო ცვლილებებმა, ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების მხრიდან მწვავე კრიტიკა დაიმსახურა. ქეთრინ ეშტონმა და შტეფან ფულემ ცვლილებები შეაფასეს, როგორც არადემოკრატიული, უკრაინელი ხალხის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების შემზღუდველი და პარლამენტარიზმისა და დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ კანონებზე ხელმოწერის დღესვე, რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა და დემოკრატმა სენატორმა ბენ კარდინმა, აშშ-ის კონგრესში განსახილველად წარმოადგინეს კანონპროექტი, რომელიც ე.წ. მაგნიტსკის აქტის ყველა ქვეყანაზე გავრცელებას ითვალისწინებს. მაგნიტსკის აქტი, რომელიც 2012 წლის ბოლოს ამოქმედდა, გულისხმობს სავიზო და ფინანსური სანქციების დაწესებას იმ რუს ჩინოვნიკებზე, რომლებიც 2009 წელს, ადვოკატ სერგეი მაგნიტსკის დაღუპვის საქმესთან არიან კავშირში. სენატორების მიერ ინიცირებული ცვლილების ამოქმედების შემთხვევაში, მაგნიტსკის აქტი გლობალურად შეეხება ადამიანის უფლებათა ყველა დამრღვევს.

მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები არათუ არაკონსტიტუციურია და არ არის ორიენტირებული ლეგიტიმური მიზნის დაცვასა და უზრუნველყოფაზე, არამედ დარღვეულია მათი მიღების პროცედურული წესებიც. კენჭისყრის დროს, უმაღლესი რადას წევრების მიერ ხმის მიცემა ხელის აწევით მოხდა, რაც რეგლამენტით ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით სარგებლობის ტექნიკური საშუალება. მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების უმეტესობა, კენჭისყრამდე, არ განხილულა შესაბამის კომიტეტებში, რაც, ასევე, კანონის მიღების პროცედურული წესების დარღვევას წარმოადგენს.

რუსეთის ფედერაციის მსგავსად, საკანონმდებლო ცვლილებებით, მოხდა „ექსტრემისტული საქმიანობის" კრიმინალიზაცია და სანქციის სახით, ამ ქმედების პირველად ჩადენისთვის, სოლიდური ჯარიმა, ხოლო განმეორებით ჩადენისთვის – 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა დაწესდა. ანტიექსტრემისტული კანონმდებლობა რუსეთში 2013 წლის დეკემბრიდან მოქმედებს და სეპარატიზმის პროპაგანდის გარდა, კრძალავს ვებგვერდების მეშვეობით ექსტრემისტული იდეების გავრცელებას, რაც, შესაძლოა, ხელისუფლების მიერ ამ ვებგვერდის დაბლოკვით დასრულდეს.

ანტიექსტრემისტული კანონმდებლობა, რომელსაც რუსეთში ხელისუფლება უკვე რამდენიმე თვეა პოლიტიკური ოპოზიციის რეპრესიებისთვის იყენებს, ახლა უკრაინის ხელისუფლებასაც აძლევს საშუალებას, კრემლთან დაახლოების პროცესი ამ კუთხითაც დააჩქაროს. ახლადმიღებული კანონით, „ექსტრემისტული საქმიანობა", მისი ბუნდოვანი ლეგალური დეფინიციის მიხედვით, წარმოადგენს იმ ნებისმიერი მასალის წარმოებას, შენახვას, გავრცელებას (განსაკუთრებით მასმედიით, ინტერნეტით, სოციალური მედიით), გამოყენებას ან დემონსტრირებას შეკრებების დროს, რომლის საშუალებითაც ხდება იმ ქმედებების მოწოდება, ორგანიზება, რომლებიც მიმართულია ძალისმიერი მეთოდით სახელმწიფო ძალაუფლების ხელში ჩაგდებაზე, სახელმწიფო, მათ შორის, საარჩევნო კომისიის, საქმიანობაში უკანონო ჩარევასა ან ხელშეშლაზე. ეს აკრძალვა აბრკოლებს არასამთავრობო და რელიგიურ ორგანიზაციებს, ჩაერთონ სამოქალაქო დემონსტრაციებში.

ხელახლა მოხდა ცილისწამების კრიმინალიზაცია, რომლის დეკრიმინალიზაცია უკრაინამ 2001 წელს, ახალი სისხლის სამართლის კოდექსის მიღებით მოახდინა. მას შემდეგ, ცილისწამების საკითხებს, უკრაინული კანონმდებლობა, სამოქალაქო წესით არეგულირებდა. ბოლო ცვლილებების შედეგად კი, მასმედიით ან ინტერნეტით ცილისწამების გავრცელება 1 წლამდე გამოსასწორებელი სამუშაოთი დაისჯება, ხოლო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისას, მათ შორის, კორუფციისთვის, ცილისწამება – 2 წლამდე თავისუფლების შეზღუდვით. ეჭვგარეშეა, რომ მსგავსი აკრძალვა, ვიქტორ იანუკოვიჩის მისამართით გამოთქმული კრიტიკის შემცირებისკენ არის მიმართული.

მკაცრი სანქციები დაწესდა ისეთი ქმედებებისთვის, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ევრომაიდანზე მიმდინარე დემონსტრაციებთან, მაგალითად, პირის საცხოვრებელი სახლის შესასვლელის ან ადმინისტრაციული შენობის ბლოკირება, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, მასობრივი არეულობა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

ცვლილებები შეეხო უკრაინის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსაც. 2 წლის ვადით მართვის უფლების ჩამორთმევასა და ავტომობილის კონფისკაციას ითვალისწინებს იმ მანქანით გადაადგილება, რომელიც საგზაო პოლიციასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, 5 მანქანისგან შემდგარ ჯგუფში მოძრაობს. ამას გარდა, ადმინისტრაციული წესით დასჯადი გახდა საპროტესტო აქციაში ნიღბით, ჩაფხუტით ან ისეთი სამოსით მონაწილეობის მიღება, რომელიც წააგავს სამართალდამცავი ორგანოს სპეციალურ უნიფორმას. 15 დღით პატიმრობას ითვალისწინებს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი ნებართვის გარეშე კარვის, სცენის ან ნებისმიერი სხვა კონსტრუქციის დადგმა საპროტესტო აქციის გამართვის მიზნით.

საკანონმდებლო ცვლილებების მნიშვნელოვანი ნაწილი ინტერნეტისა და სოციალური ქსელების საკითხებსაც არეგულირებს. ინტერნეტმედიასაშუალება ვალდებულია დარეგისტრირდეს, როგორც საინფორმაციო სააგენტო. რეგისტრაციის გარეშე, ვებგვერდი უკანონო საქმიანობისთვის დაჯარიმდება და უკრაინის კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ენიჭება უფლებამოსილება, ინტერნეტპროვაიდერებს მსგავს ვებგვერდებზე წვდომის შეზღუდვა დაავალოს.

რუსეთში მოქმედი კანონის მსგავსად, ის ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით, დაფინანსებას იღებენ უცხოეთიდან, ვალდებულნი ხდებიან მოახდინონ საკუთარი თავის სტიგმატიზაცია და საკუთარ დასახელებას ფრაზა „უცხოური აგენტი" (Foreign Agent) მიამატონ. მსგავს ორგანიზაციებს, ასევე, მოუწევთ თავიანთი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება და სპეციალური გადასახადების გადახდა.

მიღებული ცვლილებებით, გამარტივდა უმაღლესი რადას დეპუტატებისთვის იმუნიტეტის შეჩერების პროცედურა. უფრო კონკრეტულად, უმაღლესი რადას წევრს, ნებისმიერ დროს, მათ შორის, პლენარული სესიის მიმდინარეობის განმავლობაში, შესაძლოა, შეუჩერდეს სისხლისსამართლებრივი იმუნიტეტი და გასამართლდეს. აღნიშნული ცვლილება, შესაძლოა, ჩაითვალოს არა მხოლოდ უმაღლესი რადას ოპოზიციონერ წევრებზე პოლიტიკური დევნის განხორციელების შესაძლებლობად, არამედ, როგორც თვითონ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მხარდამჭერ წევრებზე ზემოქმედებისა და ზეწოლის ბერკეტად.

კომენტარები