განათლების შესახებ კანონი

ენმ-ის ინიციატივა - სამხედრო სამსახური სწავლის დაფინანსების სანაცვლოდ

პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე ნაციონალური მოძრაობა ახალ კანონპროექტებს წარადგენს. დღეს პარტიამ სამი კანონპროექტი წარმოადგინა, რომლის მიღებასაც განათლების შესახებ კანონში ცვლილებები სჭირდება. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ინიციატივა სწავლის დაფინანსების სანაცვლოდ სამხედრო სამსახურის გავლას ითვალისწინებს,

"დღევანდელი მდგომარეობით, გადაუხდელობის გამო, დაახლოებით 28 000 სტუდენტს სწავლის საფასურის გამო შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი. 2012 წლის 1 ოქტომბრისთვის, ჩვენი ინფორმაციით, ეს ციფრი არ აჭარბებდა 12 000-ს. უმაღლესი განათლების სფეროში არ არსებობს სწავლის საფასურის გადახდის გარდა სტუდენტებისათვის ალტერნატიული მექანიზმები. საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, უმაღლესი განათლების ნებისმიერ საფეხურზე, უფლება აქვს სწავლის საფასურის (ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის) სანაცვლოდ მოითხოვოს სამხედრო სამსახურის გავლა. გარდა ამისა, კანონის მიზანია ახალგაზრდების მოქალაქეობრივი თვითშეგნების კულტურის ამაღლება. თანამედროვე სახელმწიფოსთვის ფუძემდებლური პრინციპის უფლებებისა და მოვალეობების ურთიერთმიმართების ჰარმონიზაციის ხელშეწყობა. სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, ხელი შეუწყოს იმ კულტურის დანერგვას, როდესაც ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის გაწეულ სამსახურს სახელმწიფო ადეკვატურად აფასებს", - აცხადებს ნაციონალური მოძრაობა.

საპარლამენტო უმცირესობის მეორე ინიციატივა მანდატურის სამსახურს ეხება.

არსებული კანონის მიხედვით, 2014 წლის 1 იანვრიდან, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს ნიშნავს და ათავისუფლებს სკოლის დირექტორი სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით. ამასთან, მთავრობის ინიციატივით, ბავშვთა დაცვის ოფიცერს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ნიშნავს და ათავისუფლებს საგანმანათლებლო დაწესებულების ბავშვთა დაცვის, მედიაციისა და ფსიქოლოგიური სამსახურის უფროსი. ნაციონალური მოძრაობის ინიციატივაა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ბავშვთა დაცვის, მედიაციისა და ფსიქოლოგიური სამსახური ფუნქციონირების საფუძველს წარმოადგენდეს სკოლასა და სამსახურს შორის გაფორმებული ხელშეკრულება.

საპარლამენტო უმცირესობის კიდევ ერთი ინიციატივით, უნდა მოხდეს თავისუფალი მსმენელის კრედიტების აღიარება.

"უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში თავისუფალი მსმენელის ან სასერტიფიკაციო კურსის სტუდენტის მიერ მიღებული კრედიტები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ საფეხურზე ჩარიცხვის შემდეგ, ჩაითვლება გასავლელი აკადემიური პროგრამის უკვე დაძლეულ ნაწილად", - აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

კომენტარები