რელიგიები საქართველოში

ოლეგ ხუბაშვილი: ჩვენს ეკლესიას რეპრესიების ტალღამ რამდენჯერმე გადაუარა

ეპისკოპოსი ოლეგ ხუბაშვილი
საქართველოს სარების რწმენის ეკლესია

საქართველოს სახარების რწმენის (ორმოცდაათიანული) ეკლესიის ეპისკოპოსი ოლეგ ხუბაშვილი, მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, კიდევ ოთხი - მუსლიმური თემის, ებრაული თემის, საქართველოში კათოლიკე ეკლესიისა და სომეხთა სამოციქულო ეკლესიის დაფინანსებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

”პირველ რიგში, მინდა დადებითად გამოვეხმაურო პრემიერმინისტრის დღევანდელ განცხადებას რელიგიური მიმართულებების დაფინანსებასთან დაკავშირებით, რადგან ამ დრომდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესია ფინანსდებოდა. დღეს პრემიერმა განაცხადა, რომ დამატებით კიდევ ოთხი რელიგიური გაერთიანება მიიღებს დაფინანსებას. თუმცა საქართველოში რელიგიები გაცილებით უფრო დიდი სპექტრით არიან წარმოდგენილი. როგორც ბატონმა პრემიერმა ბრძანა, ოთხი რელიგიური გაერთიანების გამორჩევა მოხდა მათი საბჭოთა პერიოდში დევნის გამო. რამდენადაც თავად ვიცი, ათზე მეტი რელიგიაა, რომელსაც საქართველოში არსებობის ასწლიანი ისტორია მაინც გააჩნია, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ მათ გაიარეს საბჭოთა პერიოდი.

ისტორიული ფაქტების მოყვანას უფრო თამამად საკუთარ რელიგიაზე შევძლებ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა რელიგიურ მიმდინარეობასთან შედარებით პრივილეგირებული უნდა ვიყოთ.

საქართველოში სახარების რწმენის (ორმოცდაათიანულ) ეკლესიას ასწლიანი ისტორია გააჩნია. საბჭოთა პერიოდში ეკლესიას რეპრესიების ტალღამ რამდენჯერმე გადაუარა. 1932 წელს ფოთის პორტიდან 300-მდე პროტესტანტი ქრისტიანი მორწმუნე გაიყვანეს და არცეთი მათგანი სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, მათი ბედი დღემდე უცნობია. 1951 წელს ღვთისმსახურების დროს ეკლესია დაარბიეს და მორწმუნეები დააპატიმრეს. მათი თავისუფლების აღკვეთა 10, 15 და 25 წლით განისაზღვრებოდა. აპატიმრებდნენ ყველას, როგორც ხელმძღვანელ პირებს, ისე რიგით მორწმუნეებს. 4 შვილის დედას, რომელიც ამავდროულად ფეხმძიმედაც იყო, რწმენის გამო დედობა ჩამოართვეს და თავის მეუღლესთან ერთად ციხეში უკრეს თავი. 5 შვილის მამას ჯერ საჩუქრად მისცეს მწყობრიდან გამოსული თვითმფრინავის ავზი, რომელსაც სახლში წყლის მოსაგროვებლად იყენებდა და შემდეგ ამის გამო დააპატიმრეს და ამერიკის ჯაშუშობა დასდეს ბრალად (თვითმფრინავის ნაწილებს აგროვებდი, რომ ახალი აგეწყო და ამერიკაში გადაფრენილიყავიო). იგი იმ რიგში დააყენეს, სადაც ტომერაში ჩაგდებულ ადამიანებს წნევით ხეთქავდნენ. საკვებად მიწას ჭამდნენ და ქრისტეს რწმენას მაინც არ უარყოფდნენ. საქართველოდან ინვალიდის ეტლით გაჰყავდათ მძიმედ დაავადებული მორწმუნეებიც კი. ღვთის მადლით გადარჩენილნი და უკან დაბრუნებულები შემზარავ ისტორიებს ჰყვებოდნენ. მაშინ ქონების კონფისკაცია ცალკეულ მორწმუნეებზე ხორციელდებოდა, რადგან საერთო ქონება არ გაგვაჩნდა. ჩვენთვის, ეკლესიისთვის მაშინ შეუძლებელი იყო საკუთრებაში შენობა-ნაგებობა გვქონოდა. არასოდეს გვქონია ერთი შესაკრებელი, უფრო მეტიც, შეხვედრის ბოლოს ვამბობდით სად ჩატარდებოდა შემდეგი. მიგვაჩნდა, რომ КГВ-ს ზეწოლებისგან თავს ამით ვიცავდით. ვიკრიბებოდით დილით გამთენიისას, სხვენში ან სარდაფში. ყოველთვის ვეძებდით შედარებით უსაფრთხო ადგილს.

მეორე მასიური დაპატიმრება 1961 წელს მოხდა, თუმცა აქ არ დასრულებულა და 1964 წელს კიდევ რამდენიმე დააპატიმრეს. მათი საერთო რაოდენობა დაახლოებით ასს აღწევს. დღეს ერთ-ერთი მორწმუნე ხეაგა მელაძე, რომელმაც რწმენის გამო 5-წლიანი პატიმრობა მოიხადა, ამ ამბის ცოცხალი მოწმეა.

დაპატიმრების გარდა, ჩვენი ეკლესიის მორწმუნეებს ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ. კომუნისტმა შვილმა მამას თავში ნაჯახი იმიტომ ჩაარტყა და მოკლა, რომ მორწმუნე გახდა და მას არცხვენდა.
ჩვენი ეკლესიის მრევლიდან არასოდეს არავინ ყოფილა კომუნისტური პარტიის წევრი, არც კომკავშირელთა და არც პიონერთა რიგებში შედიოდნენ ჩვენი ეკლესიის მრევლის შვილები. ამის გამო ბავშვებს უხდებოდათ მრავალი დაცინვის და დამცირების გადატანა და უფროსებს კიდევ დიდი წინააღმდეგობის დაძლევა.

საქართველოში ორმოცდაათიანული ეკლესიის ისტორია მრავალი ტრაგიკული და მძიმე ამბის მთქმელია, თუმცა აქ მცირედის ჩამოთვლა იმიტომ დამჭირდა, რომ მეთქვა: ჩვენც საბჭოთა რეჟიმმა მძიმედ დაგვაზარალა.

ჩვენი ეკლესიის წინამორბედებმა განვლეს ცხოვრება, რომელთაც აქვთ სითამამე გაიმეორონ პავლე მოციქულის სიტყვეები: "მდინარება დავასრულე, რწმენა შევინარჩუნე". მე დღეს, როგორც მორწმუნეს და როგორც ამ ქვეყნის შვილს, მეამაყება მათი წარსული. დღეს, როცა ხდება აღიარება იმ რელიგიური მიმდინარეობების, პიროვნებების, რომლებიც საბჭოთა პერიოდში რწმენის გამო იდევნებოდნენ, ასობით მათგანის უგულებელყოფა კვლავ მეორდება. მინდა რიტორიკული კითხვის სახით დავსვა და გავიმეორო ბატონი პრემიერის სიტყვები: "ჩვენ ყველა რელიგიას თანაბრად ვცემთ პატივს", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები