საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო

ენმ: GPB-ს მეურვეების შერჩევაში არასამთავრობოების მონაწილეობა მისასალმებელია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატების შერჩევაში არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობა მისასალმებელია. მათი შეფასებით, არასამთავრობოების 27 იანვრის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მხოლოდ გამჭვირვალე, ყველა საპარლამენტო ძალის მიერ მხარდაჭერილი პროცესი უზრუნველყოფს საბჭოს პროფესიონალი, საზოგადოების ნდობით აღჭურვილი და პოლიტიკურად მიუკერძოებელი კანდიდატებისგან დაკომპლექტებას.

"არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში მოყვანილ ფაქტთან დაკავშირებით გვსურს დავაზუსტოთ შემდეგი: საპარლამენტო უმცირესობაში 51 დეპუტატია, მათგან 17-მა კანდიდატად ქეთევან მსხილაძე წარადგინა (საბჭოს წევრად გავიდა კენჭისყრის პირველ რაუნდში), სხვა 17-მა ნინია კაკაბაძე, ხოლო დარჩენილი 17-დან, 15-მა ჯანა ჯავახიშვილი. იმის გამო, რომ საპარლამენტო უმცირესობის ორი წევრი საქართველოში არ იმყოფებოდა, ჯანა ჯავახიშვილის კანდიდატურაზე ორი დამატებითი ხელმოწერა საპარლამენტო უმცირესობამ სთხოვა იაშა შერვაშიძეს და ანზორ ბოლქვაძეს - საპარლამენტო უმცირესობის ყოფილ წევრებს, რომლებმაც შარშან გაზაფხულზე დატოვეს უმცირესობა და ამჟამად დამოუკიდებელი დეპუტატები არიან. დეპუტატებმა შერვაშიძემ და ბოლქვაძემ ჯანა ჯავახიშვილის კანდიდატის დასახელების დოკუმენტზე ხელი მოაწერეს, მაგრამ შემდგომში ხელმოწერა გაიწვიეს საპარლამენტო უმრავლესობის ზეწოლით. იმავდროულად, საპარლამენტო უმცირესობამ ორივე რაუნდში მხარი დაუჭირა გენო გელაძის (მან მეორე რაუნდში მხოლოდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 44 ხმა მიიღო ) და ლელა გაფრინდაშვილის (მეორე რაუნდში ჩვენი ყველა 44 ხმა მიიღო და არავინ წინააღმდეგი არ ყოფილა) კანდიდატურებს. ამით ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ აჩვენა, რომ საბჭოში ისეთი კანდიდატურების გასვლა, რომელსაც როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის მხარდაჭერა აქვს, მისთვის პრიორიტეტია. სამწუხაროდ, იგივე პრინციპით არ იმოქმედა საპარლამენტო უმრავლესობამ", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, პროცესის ჩიხში შეყვანისათვის პარლამენტმა არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა დაიმსახურა.

"იმისათვის, რომ საქართველოს პარლამენტმა შეასრულოს კანონით გათვალისწინებული ფუნქცია და აირჩიოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კვლავ ადასტურებს გამჭვირვალე პროცესში კონსენსუსზე მიმართული მონაწილეობისათვის თავის მზაობას", - აღნიშნავს საპარლამენტო ოპოზიცია.

ცნობისთვის, რვა არასამთავრობო ორგანიზაციამ საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით, ერთობლივი განცხადება გაავრცელა. მათი შეფასებით, პარლამენტმა ეჭვქვეშ დააყენა საკუთარი ნება - გაეთავისუფლებინა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო პოლიტიკური გავლენისგან. ისინი მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, ახალი კონკურსი ძველი კომისიის შემადგენლობით ჩაატაროს.

23 იანვარს საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატებიდან მხარი ლელა გაფრინდაშვილს დაუჭირა. გაფრინდაშვილის კანდიდატურა 117 ხმით 0-ის წინააღმდეგ დამტკიცდა, გენო გელაძის კანდიდატურა კი, 44 ხმით 34-ის წინააღმდეგ ჩავარდა.

ნაციონალური მოძრაობის მიერ დასახელებულ კანდიდატს ნინია კაკაბაძეს მხარი 44-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 45 წინააღმდეგ წავიდა.

უმცირესობა ჯანა ჯავახიშვილის კანდიდატურის წამოყენებას ცდილობდა, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციის წარმომადგენლებს უარი განუცხადა და აღნიშნა, რომ ჯავახიშვილის კანდიდატურის წარმოდგენისას, მაუწყებლის შესახებ კანონით დადგენილი წესები დაირღვა. უმცირესობამ ჯავახიშვილის მხარდასაჭერად ხელმოწერების შეგროვება ორი დღის წინ დაასრულა.

27 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე კი, პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მხოლოდ სამი კანდიდატი დაამტკიცა. ცხრიდან ექვსი ადგილი ვაკანტური დარჩა. მაშინ უმრავლესობამ მხოლოდ ერთი, ხოლო უმცირესობამ ორი კანდიდატი წარადგინა. მათ სამ-სამი კანდიდატის დასახელება შეეძლოთ.

კომენტარები