იანუკოვიჩის და ოპოზიციის მოლაპარაკებები

იაცენიუკი: რბილად რომ ვთქვათ იანუკოვიჩის წინადადებით აღფრთოვანებულები არ ვართ

არსენი იაცენიუკი

არსენი იაცენიუკის განცხადებით, ნებისმიერი გადაწყვეტილება - აიღოს თუ არა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და თავში ჩაუდგეს მთავრობას, შეიძლება მიღებული იყოს მხოლოდ სამი ოპოზიციური ფრაქციისა და ხალხის თანხმობით.

"ჩვენ მზად ვართ საკუთარ თავზე ავიღოთ პასუხისმგებლობა ქვეყნის ბედზე, მაგრამ იმ პირობებით, რომლებსაც ჩვენ ვაყენებთ," - ციტირებს იაცენიუკის სიტყვებს ფრაქცია ბატკივშინის ვებგვერდი.

"ჩვენ არ უარვყოფთ წინადადებას, მაგრამ არც ვიღებთ. ჩვენ ვატარებთ სერიოზულ კონსულტაციებს სამი ოპოზიციური ძალის დონეზე. ჩვენ, რბილად რომ ვთქვათ, აღფრთოვანებულები არ ვართ ამ წინადადებით. მე მშვენივრად ვაცნობიერებ, რაც ხდება ახლა უკრაინაში. ქვეყანა ბანკროტობის ზღვარზეა. მათ ისე გაქურდეს ქვეყანა უკანასკნელი 3,5 წლის განმავლობაში, რომ სახელმწიფოს ხაზინა ცარიელია, ქვეყანა შეიყვანეს ტოტალურ ქაოსში. სწორედ ამიტომ სურთ თავი აარიდონ პასუხისმგებლობას და ჩვენგან ელიან პასუხს, ავიღებთ თუ არა პასუხისმგებლობას," - განაცხადა არსენი იაცენიუკმა.

მისი თქმით, იანუკოვიჩთან მოლაპარაკებების დროს, ოპოზიციის მიერ წაყენებულ მთავარ მოთხოვნებზე დადებითი პასუხები იქნა მიღებული. იაცენიუკის განცხადებით, პირველ რიგში საუბარია უმოკლეს დროში ყველა აქტივისტის ციხიდან გათავისუფლებაზე, მიუხედავად იმისა ისინი დაჭერილები იყვნენ კიევში, თუ სხვა რომელიმე ქალაქში.

კიდევ ერთი მოთხოვნა, რომელიც პრეზიდენტს წაუყენეს, ეხება "იმ აღძრული საქმეების დახურვას ათასობით ადამიანის მიმართ, რომელთა წინააღმდეგ ამ რეჟიმმა პოლიტიკური საქმეები წამოიწყო". იაცენიუკის თქმით, პარლამენტში ხუთშაბათს ხმის მიცემა უნდა გაიმართოს ამნისტიის კანონზე და ყველა ადამიანი უნდა იყოს გათავისუფლებული.

კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, ასევე შევიდა ოპოზიციის მიერ წაყენებულ მოთხოვნათა რიცხვში.

"ეს პირობა უკვე მიღებულია, მაგრამ ჩვენ გვინდა მკაფიოდ გავიგოთ 2004 წლის კონსტიტუციასთან დაბრუნების სამართლებრივი მექანიზმი. ხელისუფლების დღევანდელი სისტემა, რომელიც განიხილავს ძალაუფლების ერთი ადამიანის ხელში ქონას, ქვეყნისთვის მიუღებელია," - განაცხადა არსენი იაცენიუკმა.

კომენტარები