საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი

ბერიშვილი: სოკ-ში ოლიმპიადასთან დაკავშირებული მუქარის წერილი არ მოსულა

reportiori.ge

საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებული მუქარის წერილი ამ დრომდე არ მოსულა, ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში დღეს, ოლიმპიური კომიტეტის ვიცეპრეზიდენტმა, ელგუჯა ბერიშვილმა განაცხადა.

"ვესაუბრეთ რამდენიმე იმ ქვეყნის წარმომადგენლებს, რომლებსაც მიუვიდათ ეს წერილი და, ბუნებრივია, შევამოწმეთ ჩვენი ფოსტაც. ანალოგიური წერილი ჩვენთან მოსული არ არის", - განაცხადა ელგუჯა ბერიშვილმა.

ტერორისტული აქტების მუქარის წერილები რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების და ერთბაშად რამდენიმე ევროპული ქვეყნის ოლიმპიურმა კომიტეტებმა მიიღეს. საპასუხოდ, რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ შეტყობინებები საშიშ ხასიათს არ ატარებენ და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

"ეს ყველაფერი გადამოწმდა, ტექსტები გადაეგზავნა სპეციალურ, მათ შორის, რუსეთის სამსახურებს და იქედან მოვიდა პასუხი, რომ ეს ყველაფერი საფრთხის შემცველი არ არის. გუშინ, რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჟუკოვმა, რომელიც ამავდროულად დუმის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა, სპეციალური პრესკონფერენცია მოიწვია თემასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ოლიმპიადა უპრობლემოდ ჩაივლის", - განაცხადა ელგუჯა ბერიშვილმა.

კომენტარები