საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო

რატიანი: უმრავლესობის მიზანია, GPB-ზე ჭარბი დაუბალანსებელი კონტროლი მოიპოვოს

facebook.com/sergo.ratiani

საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ნაციონალურ მოძრაობას და ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებს ჰქონდათ შენიშვნები წინა სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით, თუმცა, საპარლამენტო უმცირესობა შეეცადა ყოფილიყო მაქსიმალურად კონსტრუქციული. რატიანი აღნიშნავს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ მოახდინა შეძლებისდაგვარად სრული მობილიზება და მხარი დაუჭირა ყველა კანდიდატს, მიუხედავად იმისა, მათ მიერ იყო ის წარდგენილი თუ არა.

"ჩვენი მიზანი იყო, აღდგენილიყო საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ქმედითუნარიანობა და, შესაბამისად, საზოგადოებრივი კონტროლი. ქართული ოცნების მხრიდან საკმარისი იყო, არ მოეხდინა ზეწოლა უმრავლესობის იმ რამდენიმე წევრზე, რომლებმაც პირველ ეტაპზე უკვე დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია. კანდიდატების არჩევისთვის საკმარისი იყო 50 ხმა. პლენარულ სხდომას ესწრებოდა ნაციონალური მოძრაობის 44 წევრი, ანუ ყველა, მათ გარდა, ვინც ფიზიკურად არ იმყოფებოდა საქართველოში ან პირადი, ოჯახური გარემოების გამო ვერ დაესწრო სხდომას. შემაშფოთებელია, რომ ამჯერად უპრეცენდენტო ზეწოლა უკვე განხორციელდა უმრავლესობის არაერთ წევრზე და დამოუკიდებელ დეპუტატებზე. ადამიანებმა, რომლებმაც პირველ ეტაპზე მხარი დაუჭირეს წარდგენილ კანდიდატებს, განმეორებით კენჭისყრაზე იგივე კანდიდატებს ან არ მისცეს ხმა, ან მისცეს წინააღმდეგ. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რომ უმრავლესობის აჭარის წარმომადგენლობამ არ დაუჭირა მხარი აჭარის უზენაესი საბჭოს მიერ წარმოდგენილ კანდიდატს (პირველ ეტაპზე, საპარლამენტო უმცირესობის წევრების გარდა, ნინია კაკაბაძეს მხარი დაუჭირა ქართული ოცნებისა და რესპუბლიკელების ფრაქციის ორ-ორმა, დემოკრატების ერთმა, დამოუკიდებელი დეპუტატების სამმა წევრმა, ხოლო გენადი გელაძეს - ქართული ოცნების ხუთმა, დემოკრატების ერთმა, დამოუკიდებელი დეპუტატების სამმა წევრმა). აღსანიშნავია, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ სადავო იურიდიული პროცედურის მომიზეზების გამო, კენჭისყრაზე არ დააყენა დარეჯან ჯავახიშვილის კანდიდატურა. აღსანიშნავია, რომ დარეჯან ჯავახიშვილის წარდგენის ხელმომწერებს შორის აგრეთვე არიან პარლამენტის ის წევრები, რომლებიც არ წარმოადგენენ საპარლამენტო უმცირესობას", - აცხადებს რატიანი.

მისი შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის ჩაშლით, ცხადად გამოჩნდა, რომ უმრავლესობის მიზანია, მოიპოვოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე ჭარბი დაუბალანსებელი კონტროლი. რატიანის აზრით, უმრავლესობას სურს "საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაქვემდებარების უზრუნველყოფამდე, სამეურვეო საბჭოს ქმედუუნარობისა და საზოგადოებრივი კონტროლის სრული მოშლის შენარჩუნება".

"ასევე, კვოტების პრინციპის იგნორირება; კოალიციაში დომინანტი ჯგუფების მხრიდან უმრავლესობის ცალკეულ წევრებსა და უპარტიო დეპუტატებზე ზეწოლა; პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შექმნილი კომისიისა და მათ მიერ არჩეული კანდიდატების მიმართ უნდობლობა (როგორც ჩანს, პარლამენტის თავმჯდომარის ფიგურის აქტუალობა ქართული ოცნებისათვის შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ მან ქართული და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე უნდა გაამართლოს ხელისუფლების ქმედებები, როგორც ეს მოხდა ფარცხალაძის მთავარი პროკურორობიდან გადადგომის გაჭიანურების, ან ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის გამოუძიებლობის გამართლების შემთხვევაში)", - აცხადებს უმცირესობის წევრი.

დეპუტატის შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს არჩევის ჩაშლამ კიდევ ერთხელ გამოავლინა ქართული ოცნების მიერ პროცესების დაგეგმვისა და განხორციელების სრული უუნარობა.

"საპარლამენტო უმრავლესობამ ვერ მოახერხა, დაეკომპლექტებინა სამეურვეო საბჭო იმ პირობებში, როდესაც მიიღო ახალი კანონი, რომელიც ორ თვეში შეცვალა. პარლამენტის თავმჯდომარის საშუალებით შექმნა კომისია, რომელმაც შეარჩია და წარუდგინა პარლამენტს კანდიდატები", - აღნიშნავს სერგო რატიანი.

ცნობისთვის, გუშინ საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატებიდან მხარი ლელა გაფრინდაშვილს დაუჭირა. გაფრინდაშვილის კანდიდატურა 117 ხმით 0-ის წინააღმდეგ დამტკიცდა, გენო გელაძის კანდიდატურა კი, 44 ხმით 34-ის წინააღმდეგ ჩავარდა.

ნაციონალური მოძრაობის მიერ დასახელებულ კანდიდატს ნინია კაკაბაძეს მხარი 44-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 45 წინააღმდეგ წავიდა.

უმცირესობა ჯანა ჯავახიშვილის კანდიდატურის წამოყენებას ცდილობდა, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციის წარმომადგენლებს უარი განუცხადა და აღნიშნა, რომ ჯავახიშვილის კანდიდატურის წარმოდგენისას, მაუწყებლის შესახებ კანონით დადგენილი წესები დაირღვა. უმცირესობამ ჯავახიშვილის მხარდასაჭერად ხელმოწერების შეგროვება ორი დღის წინ დაასრულა.

27 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე კი, პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მხოლოდ სამი კანდიდატი დაამტკიცა. ცხრიდან ექვსი ადგილი ვაკანტური დარჩა. მაშინ უმრავლესობამ მხოლოდ ერთი, ხოლო უმცირესობამ ორი კანდიდატი წარადგინა. მათ სამ-სამი კანდიდატის დასახელება შეეძლოთ.

კომენტარები