კეზერაშვილის საქმე

ადვოკატი: შესაძლოა გარკვეულ მედიასაშუალებებთან სამართლებრივი დავა გვქონდეს

AFP.com

ტელეკომპანია ტაბულას ეთერში, გადაცემა ფოკუსში, დავით კეზერაშვილის ადვოკატმა შოთა მინდელმა განაცხადა, რომ ინფორმაცია ყოფილი თავდაცვის მინისტრის იარაღით ვაჭრობასთან დაკავშირებით მასთან სამართლებრივად დაკავშირებული არ არის და კეზერაშვილის წინააღმდეგ აღძრულია მხოლოდ ორი სისხლის სამართლის საქმე. მინდელის თქმით, ბოლო პერიოდში სხვადასხვა მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაციები, რის გამოც შესაძლოა კეზერაშვილის ადვოკატებმა სასამართლოს მიმართონ. 

"კეზერაშვილი ბრალდებული არის მხოლოდ ორ სისხლის  სამართლის საქმეზე. ერთი, ეს არის ე.წ სპირტთან დაკავშირებული საქმე და მეორე - იმედისა და რიყის თემა. მხოლოდ ამ ორ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს პროცედურები ამჟამად საფრანგეთში, სხვა ბოლო პერიოდში გაჩენილი ინფორმაციები არის არაფრის მთქმელი სამართლებრივი კუთხით. როგორც ჩანს, ცალკეულ მხარეებს დასჭირდათ სხვადასხვა ინფორმაციების გავრცელება სხვადასხვა მიზნებისთვის. აქვე დავამატებ, რომ ეს არ ეხება ყველას, თუმცა გარკვეულ წყაროებთან მიმართებაში შესაძლოა ჩვენ გვქონდეს საკმაოდ სერიოზული, მნიშვნელოვანი სამართლებრივი დავები. გაზეთ ალიაში იყო თავმოყრილი მასალების ნაკრები, სადაც იყო მასალები რომლებიც თითქოს გარკვეული ექსპერტების წყაროებს ეხებოდა და რომლებიც ბეჭდურად გამოქვეყნდა. შემიძლია მარტივად გითხრათ, რომ კეზერაშვილის ფრანგი ადვოკატების მიერ წარდგენილი ეს ინფორმაცია შეიძლებოდა გაჟონილიყო მხოლოდ ფრანგული სასამართლოდან, დაცვის მხარისგან და საქართველოს პროკურატურისგან. დარწმუნებული ვარ, რომ ფრანგ ადვოკატებს ალიასთვის არ მიუციათ არანაირი დოკუმენტი და არც ფრანგული სასამართლოდან არაფერი არ ჟონავს," - განაცხადა შოთა მინდელმა.

კომენტარები