ახალი ინიციატივა

სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგროდაზღვევის სუბსიდირებას აპირებს

moa.gov.ge

სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგროდაზღვევის სუბსიდირების მოდელზე მუშაობს. პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო პროექტს სავარაუდოდ საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებისას წარადგენს.

"ეს არის შეღავათიანი აგროკრედიტის მსგავსი მოდელი, სადაც სახელმწიფო იქნება სუბსიდიის გამწევი. როგორც დაბალპროცენტიან სესხების მოდელში, ამ შემთხვევაშიც სახელმწიფო თავის თავზე იღებს სესხის დაბრუნების გარკვეულ დაზღვევას და სესხის პროცენტის დიდ ნაწილს ფარავს, ასევე, დაზღვევის დროს, სახელმწიფო შეიძლება გამოვიდეს, როგორც აქტიური მოთამაშე და ამ სუბსიდიებმა წაახალისოს როგორც ფერმერი, ასევე სადაზღვევო ინსტიტუტები", - აღნიშნავს აგულაშვილი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ პირველ ეტაპზე მიწის აღრიცხვიანობა უნდა დასრულდეს და დადგინდეს, მიწის რა რაოდენობაა კერძო საკუთრებაში და რა - სახელმწიფო საკუთრებაში. "ამ დროისთვის უწყებათაშორისი კომისია მუშაობს მიწის აღრიცხვაზე, სწორედ ესაა აგროდაზღვევის პირველი ეტაპი და ამის შემდეგ დავიწყებთ აგროდაზღვევის კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავებას", - აცხადებენ სამინისტროში. 

კომენტარები