ვითარება უკრაინაში

კიევში შეტაკების შედეგად, საპროტესტო აქციის ორი მონაწილე დაიღუპა

Reuters

კიევში ბერკუტსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების შედეგად, საპროტესტო აქციის ორი მონაწილე დაიღუპა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთ დაღუპულს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. მეორე აქტივისტი კი, კიევის დინამოს სტადიონთან სპეცრაზმელებთან შეტაკებების დროს მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. თუმცა, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ბერკუტის თანამშრომლები ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული არ არიან.

ამჟამად გრუშევსკის ქუჩაზე ისევ დაძაბული სიტუაციაა, სპეცრაზმელებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ ბერკუტმა შეტევა წამოიწყო და გრუშევსკის ქუჩა დაიკავა, აქტივისტები კი ევროპის მოედნისკენ შეავიწროვა. თუმცა, მალევე ძველ პოზიციებს დაუბრუნდა.

დღეს უკრაინის ერთიანობის დღეს კიევში მასშტაბური საპროტესტო აქციისა და ალტერნატიული პარლამენტის დამფუძნებელი კრების გამართვა იგეგმება. ოპოზიციის ლიდერის არსენი იაცენიუკის თქმით, სახალხო რადა ოპოზიციონერი დეპუტატებით დაკომპლექტდება.

გრუშევსკის ქუჩაზე სპეცრაზმელებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება 19 იანვარს დაიწყო. ევრომაიდანზე შეკრებილი დემონსტრანტების ნაწილმა ოპოზიციის ლიდერების ზედმეტად რბილ პოზიციასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა და გრუშევსკის ქუჩაზე სამთავრობო შენობებისკენ მისასვლელ გზაზე მდგარ ბერკუტის თანამშრომლებს შეუტია. ოპოზიციის ლიდერების მცდელობის მიუხედავად, დემონსტრანტების შეჩერება ვერ მოხერხდა. ოპოზიციისა და მაიდანის აქტივისტების აღშფოთება 16 იანვარს რადას მიერ მიღებულმა რამდენიმე კანონმა გამოიწვია, რომლებიც დემონსტრაციების ჩატარებისა და სამოქალაქო აქტიურობის უფლების შეზღუდვას ითვალისწინებს. რადას მიერ მიღებული კანონები ძალაში დღეს შევიდა.

კომენტარები