შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო

მომსახურების სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი: რადიკალურ ცვლილებებს არ ვგეგმავ

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ახლადდანიშნული ხელმძღვანელი ოთარ დანელია რუსთავში მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებსა და ჟურნალისტებს შეხვდა. დანელიამ თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა წარმატებული საქმიანობისთვის და სამომავლო გეგმებსა და პროექტებზე ესაუბრა.

"ჩემი მოსვლით რაიმე განსაკუთრებული და რადიკალური ცვლილებები არ იგეგმება. შევინარჩუნებ გუნდს, რაც აქამდე იყო სააგენტოში. მომსახურების სააგენტო არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ეს თითოეული თანამშრომელის დამსახურებაა. ჩვენ ვაგრძელებთ იმ სერვისების მიწოდებას მომხმარებლისათვის, რომელიც აქამდე იყო. მაქსიმალურად ვეცდებით ამ სერვისების უმაღლეს სტანდარტებთან გათანაბრებას და, რა თქმა უნდა, წელს დავნერგავთ ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს, რომელიც როგორც საქართველოს მოქალაქეებისათვის, ასევე ჩამოსული სტუმრებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი, საინტერესო და აქტუალური იქნება. ამის შესახებ ჩვენ გავაკეთებთ უკვე მიზნობრივ კომუნიკაციას და კონკრეტულ გაშუქებებს თითოეულ პროექტთან დაკავშირებით", - განაცხადა შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ახალმა ხელმძღვანელმა.

ოთარ დანელიამ აღნიშნულ თანამდებობაზე ნინო კობახიძე შეცვალა. კობახიძე საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილედ დაინიშნა და სახელმწიფო კანცელარიის მთავრობის ადმინისტრაციად გარდაქმნის და რესტრუქტურიზაციის პროცესს უხელმძღვანელებს.

შსს-ს ინფორმაციით, ოთარ დანელიას შსს-ს საფინანსო და სამეურნეო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კერძო სტრუქტურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

კომენტარები