სოფლის მეურნეობა

სამინისტრო: გორის აგრარულ ბაზარს წარმოება დარღვევების გამო შეუჩერდა

pia.ge

"სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს გორის აგრარულ ბაზარში და აღმოჩენილი 11 კრიტიკული შეუსაბამობების გამო მას საწარმოო პროცესი შეუჩერეს. საწარმო დაიკეტა კრიტიკული რეკომენდაციების აღმოფხვრამდე. გარდა ამისა, აღმოჩნდა 10 არაკრიტიკული შეუსაბამობა და ბიზნესოპერატორთან შეთანხმებით დაუწესდა მისი გამოსწორების ვადა" - აღნიშნულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, სურსათის რეალიზაცია ხდებოდა ანტისანიტარულ პირობებში, ყველანაირი ჰიგიენური ნორმების დაცვის გარეშე.

"გორის აგრარულ ბაზარში სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას დაფიქსირდა შემდეგი კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები:

კრიტიკული შეუსაბამობები: 1. ტერიტორიაზე განთავსებული ინვენტარი და აღჭურვილობები არ გამორიცხავს სურსათის დაბინძურებას; 2. შენობაში ხდება ჭუჭყის დაგროვება; 3. არ ხდება ხორცის რეალიზაცია ტემპერატურული რეჟიმის დაცვით, ხორცის შესანახ მაცივარში არ არის თერმომეტრები; 4. იატაკი არ არის ადვილად გასაწმენდი და დეზინფიცირებადი და არ იძლევა ეფექტური დრენაჟის საშუალებას; 5. კედელი არ იძლევა ადვილად გაწმენდისა და დეზინფიცირების საშუალებას; 6. ჭერი არ არის ადვილად გასაწმენდი, ხდება ჭუჭყის დაგროვება და დამაბინძურებლების წარმოქმნა; 7. ხორცის, რძისა და სხვა პროდუქტების დახლების ზედაპირები არ იძლევა ადვილად გაწმენდისა და დეზინფიცირების საშუალებას; 8. ხორცის ჩამოსაკიდი ხარიხები და კაუჭები კოროზირებულია; 9. სავაჭრო ობიექტის დახურულ პავილიონში დ ტუალეტში არ არის ცივი და ცხელი წყალი; 10. არ ხდება აღჭურვილობების დეზინფიცირება (დანა,ნაჯახი,ხორცის საჭრელი კუნძი) დეზინფიცირება; 11. სავაჭრო ობიექტი არ არის აღჭურვილი ნაგვის კონტეინერებით, დროულად არ ხდება ნარჩენების და ნაგვის გატანა და ადგილი სადაც ხდება ნარჩენების განთავსება არ არის დაცული ცხოველებისა და პარაზიტებისაგან.

არაკრიტიკული შეუსაბამობები: 1. შენობა არ არის დაცული დამაბინძურებლებისაგან; 2. ტუალეტი არ არის ისეთი, რომ ადვილად ხდებოდეს მისი დასუფთავება, დეზინფიცირება და არ არის აღჭურვილი ჰიგიენური საშუალებებით; 3. გასანათებელი მოწყობილობები არ არის დაცული დამცავი ფარებით; 4. შენობა არ არის დაცული მღრღნელების, ცხოველებისა და დამაბინძურებლებისაგან; 5. არ ხდება სადეზინფექციო, სადერატიზაციო და სადეზინსექციო სამუშაოების ჩატარება და აღრიცხვა (ბაზრის ღია ტერიტორიაზე); 6. ფანჯრებში ხდება ჭუჭყის დაგროვება; 7. შესანახი მაცივრები არ არის სუფთა მდგომარეობაში და არაერთგვაროვანი პროდუქცია არ არის განცალკევებული; 8. სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება არ არის აღრიცხული; 9. პერსონალი არ იყენებს დამცავ ტანისამოსს; 10. ბიზნესოპერატორი არ აწარმოებს პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლს", - აღნიშნულია განცხადებაში.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე ბიზნესოპერატორად რეგისტრირებულია 70-მდე აგრარული ბაზარი. 2013 წელს 30 მათგანში ჩატრდა ინსპექტირება და აღმოჩენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო 5 მათგანს შეუჩერდა საწარმოო პროცესი - მათ შორის, ბათუმისა და ზესტაფონის აგრარულ ბაზრებს. სამინისტროს განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თუკი სარეალიზაციო ობიექტში ან საწარმოში ფიქსირდება კრიტიკული შეუსაბამობა, მას უჩერდება რეალიზაციის პროცესი და ეკისრება საჯარიმო სანქცია 1000 ლარის ოდენობით.

გორის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებმა ბაზარში საწარმოო პროცესის შეჩერება ჯერ გორში, ხოლო შემდეგ თბილისში გააპროტესტეს.

კომენტარები