თბილისის მერია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პასუხობს. დედაქალაქის მთავრობის შეფასებით, სამინისტრო უპასუხისმგებლო უვიცობას ავლენს, როდესაც აცხადებს, რომ 2007 წელს თბილისის მერიის მოთხოვნით სანავიგაციო შუქურა გაითიშა.
"ამის წერილობითი დადასტურება არ არსებობს, რადგან მსგავსი ფაქტი არ მომხდარა. თბილისის მერიის მხრიდან აღნიშნულ მოთხოვნას საჰაერო ნავიგაციის სამსახური არ დააკმაყოფილებდა, რადგან სანავიგაციო შუქურას თავის საერთაშორისო სტანდარტები აქვს, რომელსაც დეკორაციული განათება ვერ შეცვლის. შესაბამისად, სანავიგაციო შუქურას გარე განათებასთან არანაირი კავშირი არ აქვს", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს ტელერადიოცენტრის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, კერძოდ, 2007 წლიდან თბილისის ანძაზე სანავიგაციო შუქურა თბილისის მერიის თხოვნით იყო გათიშული.
მინისტრის მოადგილის ნათია მიქელაძის განმარტებით, ანძის გარე განათება იმდენად კარგია, რომ ფრენების უსაფრთხოებისთვის საკმარისია და შუქურა, რომელიც მსგავსი ტიპის სიმაღლის ობიექტზე უნდა არსებობდეს, სათადარიგოდ გამოიყენებოდა.
საქართველოს ტელერადიოცენტრის განცხადებით კი, თბილისის მერიამ 2007 წელს დაამონტაჟა "დღეს არსებული დეკორატიული განათება" და ანძის სასიგნალო განათების გამორთვა (ე.წ. შუქურა) კატეგორიულად მოითხოვა. ცენტრის განმარტებით, შუქურა 2007 წლის შემდეგ პრაქტიკულად აღარ გამოიყენება, თუმცა, ტექნიკური სამსახური რეგულარულად ამოწმებს მის მდგომარეობას.





